ანზორ მელია - ნიკა სამშობლოს სიყვარულის გამო ისჯება, კაცი გადადებულია ქვეყნისთვის
ანზორ მელია - ნიკა სამშობლოს სიყვარულის გამო ისჯება, კაცი გადადებულია ქვეყნისთვის

ნიკა სამშობლოს სიყვარულის გამო ისჯება, კაცი გადადებულია ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ანზორ მელია გამოეხმაურა პროკურატურის მოთხოვნას ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების თაობაზე და აღნიშნა, რომ მისი დაკავების მოლოდინი აქვს.

როგორც მან განაცხადა, ნიკა მელია მთავრობისთვის პატიმრობაში უფრო საშიში იქნება, ვიდრე გარეთ.

„ნიკა სამშობლოს სიყვარულის გამო ისჯება, კაცი გადადებულია ქვეყნისთვის. ხუთი თვეა არ მინახავს, პირველად ვნახე შტაბში, არჩევნების დღეს. ხედავდით, რა უპირატესობით უგებდა სხვებს და მერე როგორ დატრიალდა ყველაფერი.

შეუძლებელია, მშვიდად უყურო ამ ყველაფერს, მით უმეტეს ჩემი შვილია და ყოველთვის ჩემს თავს ვეკითხები ხოლმე: რატომ მაინცდამაინც ჩემი შვილი? მაგრამ თუ არა ჩემმა შილმა, აბა ვინ უნდა გააკეთოს ის ქართული საქმე, რასაც ის აკეთებს თავისი გულწრფელობით, პატიოსნებით, ვაჟკაცობით?! ნიკამ ბავშვობაშიც არ იცოდა ტყუილი. ამ მთავრობას ასეთი ადამიანი არ უნდა, საქართველოს კი სჭირდება, რადგან სხვანაირად დავიღუპებით.

თურმე ნიკა ტერორისტია. ერთხელ უკვე გადაიხადა გირაო, ბინა ჩავდეთ და ხომ არ შეიძლება, ერთსა და იმავე საქმეზე ორჯერ იყოს გირაო. ამ მთავრობისგან ყველაფერ ცუდს ველოდები. როდესაც ნიკა პოლიტიკაში წავიდა, დინების საწინააღმდეგოდ არჩია მოძრაობა. მშობელი რას უნდა ელოდეს? ივანიშვილი მას ტაშით არ დააჯილდოვებს. ბევრჯერ ჰქონდათ ნიკას გადაბირების მცდელობა, მაგრამ არ გამოუვიდათ და ახლა უნდათ, პატიმრობა, მაგრამ იცოდნენ, რომ პატიმრობაში მყოფი ნიკა უფრო საშიში იქნება ამ მთავრობისთვის, ვიდრე გარეთ“, – განაცხადა ანზორ მელიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, როგორი მოლოდინი აქვს მის შვილთან მიმართებით, ანზორ მელიამ უპასუხა, რომ „დაიჭერენ“.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა მისთვის შეფარდებული გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდას ითხოვს.