ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გამკაცრებაზე საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს
ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გამკაცრებაზე საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა მისთვის შეფარდებული გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდას ითხოვს.

ნიკა მელიას ადვოკატის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფი გირაოს გადახდას არ აპირებს. თავად მელია სასამართლო პროცესს არ ესწრება.

„დღევანდელ სხდომაზე განიხილება აღკვეთის ღონისძიების საკითხი. ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს ბრალდებულ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებილი აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი ღონისძიების შეცვლით. ჩვენი სამართლებრივი მოთხოვნაა, გირაოს ოდენობა გაიზარდოს. ასევე, გამოყენებული იქნეს დამატებითი ღონისძიება.
საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ მან პირველ ნოემბერს საჯაროდ მოიხსნა სამაჯური, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის განხორციელების საშუალება იყო. მას ეს სამაჯური დამაგრებული ჰქონდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. შესაბამისად, ეს მოცემულობა წარმოადგენს აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის დარღვევას. ჩვენი მოთხოვნა აქედან გამომდინარეა დასაბუთებული.

ჩვენი მოთხოვნაა, გირაო განისაზღვროს 100 ათასი ლარით და დამატებითი ღონისძიების სახით, აეკრძალოს სახელმწიფო საზღვრის დატოვება, წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე“, – განაცხადა პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით დღეს მიმართა. მელიას 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით 30-ათასლარიანი გირაო შეეფარდა. გენერალურმა პროკურატურამ მას ბრალი 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე წაუყენა. 2019 წლის 3 ივლისს ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს, რომელიც მან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პირველ ნოემბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მოიხსნა.