ანზორ ბიწაძე - ოპოზიციურ ელექტორატს სჭირდება მრავალფეროვანი ბიულეტენები, რათა გააკეთოს არჩევანი და უარი უთხრას „ქართულ ოცნებას“
ანზორ ბიწაძე - ოპოზიციურ ელექტორატს სჭირდება მრავალფეროვანი ბიულეტენები, რათა გააკეთოს არჩევანი და უარი უთხრას „ქართულ ოცნებას“

ოპოზიციის ძალა არის მრავალფეროვნებაში და ოპოზიციურ ელექტორატს აუცილებლად სჭირდება მრავალფეროვანი ბიულეტენები, რათა 31 ოქტომბერს გააკეთოს არჩევანი და უარი უთხრას „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ანზორ ბიწაძემ განუცხადა.

ამ განცხადებით ბიწაძე ერთიანი საარჩევნო სიის შექმნაზე ოპოზიციური პარტიების მიმართ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას გამოეხმაურა.

მისი თქმით,  სააკაშვილის გეგმა არარეალისტურია.

„ეს განცხადება არის აბსოლუტურად არარეალისტური. ოპოზიციის ძალა, სწორედაც რომ, არის მრავალფეროვნებაში და ოპოზიციურ ელექტორატს აუცილებლად სჭირდება მრავალფეროვანი ბიულეტენები იმისთვის, რომ გააკეთოს არჩევანი 31 ოქტომბერს და უარი უთხრას „ქართულ ოცნებას“. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და ფასილიტატორების ერთ-ერთი მიზანიც ეს იყო, როდესაც ხელს უწყობდნენ კონსტიტუციურ რეფორმას, რომ არ ყოფილიყო საქართველოში ორპოლუსიანი სისტემა. ასე რომ, ყველაფერი, რაც ხელს შეუწყობს ამომრჩევლის არჩევანის წინაშე დაყენებას, რომ ან ბიძინა ან მიშა, საქართველოსთვის არ არის კარგი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის არარეალისტური გეგმა. ეს ხელს არ შეუწყობს ხელისუფლების ცვლილებას, ეს ხელს შეუწყობს მხოლოდ პოლარიზებას. ასე რომ, ოპოზიცია უნდა იყოს მრავალფეროვნად წარმოდგენილი ამ არჩევნებზე. ჩვენი პოზიცია არის ცალსახა – აუცილებელია, ოპოზიცია იყოს მრავალფეროვნად წარმოდგენილი“, – განაცხადა ბიწაძემ.

მისი თქმით, უმთავრესი არის არა მიხეილ სააკაშვილის შემოთავაზება, არამედ ამომრჩევლის ინტერესი.

„ამომრჩევლის ინტერესი არის მრავალფეროვანი ოპოზიცია და მრავალფეროვანი არის განწყობები თავად ოპოზიციურ ელექტორატში. საქართველოში დღეს წარმოდგენილია ისეთი პოლიტიკური ძალები, რომელთა ერთობასაც ვერაფრით ვერ გაიგებს ხალხი. სურვილის შემთხვევაშიც კი, ეს უბრალოდ ძნელი იქნება, რომ ამომრჩეველს ვინმემ აუხსნას. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არის არარეალისტური და არა იმიტომ, რომ ვინმეს ჯინაზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა ბიწაძემ.