ანტონიუ გუტერეში - ომი არ დასრულდება შეხვედრებით, ომი დასრულდება მაშინ, როდესაც რუსეთი გადაწყვეტს მის დასრულებას
ანტონიუ გუტერეში - ომი არ დასრულდება შეხვედრებით, ომი დასრულდება მაშინ, როდესაც რუსეთი გადაწყვეტს მის დასრულებას

ომი არ დასრულდება შეხვედრებით, ომი დასრულდება მაშინ, როდესაც რუსეთი გადაწყვეტს მის დასრულებას, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ომი არ დასრულდება შეხვედრებით. ომი დასრულდება მაშინ, როდესაც რუსეთი გადაწყვეტს მის დასრულებას და როცა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ იქნება სერიოზული პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობა. ჩვენ ყველას შეგვიძლია, ჩავატაროთ შეხვედრები, მაგრამ ეს ის არ არის, რაც ომს დაასრულებს“, – განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.

26 აპრილს გუტერეში ვიზიტით იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც შეხვედრა გამართა პრეზიდენტ პუტინთან, რომელზეც კონფლიქტის ზონებში ჰუმანიტარული დახმარებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საკითხები განიხილეს, განსაკუთრებით ქალაქ მარიუპოლიდან.

როგორც მედია წერს, მხარეები ფაქტობრივად შეთანხმდნენ გაერო-სა და წითელი ჯვრის ორგანიზაციის ჩართულობით მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციაზე. უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულებთან დაკავშირებით გუტერეშმა კიდევ ერთხელ გააკეთა მოწოდებები დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებასთან დაკავშირებით.

ამჟამად გაერო-ს გენერალური მდივანი კიევში იმყოფება, სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან.