მადრიდის „რეალის“ გერმანელ მცველს, ანტონიო რუდიგერს, შესაძლოა, ოთხი მატჩის გამოტოვება მოუწიოს, — ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Cope-ი ავრცელებს.
საუბარია კოპა დელ რეის ფინალში „ბარსელონას“ წინააღმდეგ (3:2) მომხდარ ინციდენტზე, როდესაც რუდიგერმა ემოციები ვერ მოთოკა და მატჩის მთავარ არბიტრს, რიკარდო დე ბურგოსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გერმანელმა ფეხბურთელმა თავისი ქცევა შეაფასა და საჯაროდ მოიხადა ბოდიში:
„მინდა, ბოდიში მოვუხადო მსაჯს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც იმედები გავუცრუე. ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი და ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს“.
თუ Cope-ის პროგნოზი დადასტურდა, რუდიგერი ლა ლიგის ოთხ შეხვედრას გამოტოვებს — „სელტას“, „ბარსელონას“, „მალიორკასა“ და „სევილიის“ წინააღმდეგ.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი უკვე იძიებს აღნიშნულ ფაქტს და საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ანტონიო რუდიგერმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 49 მატჩში მიიღო მონაწილეობა.