ანტონიო კონტემ „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო მატჩი მოიგო #1TVSPORT
ანტონიო კონტემ „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო მატჩი მოიგო #1TVSPORT

კონფერენციის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტეს დებიუტი შედგა. ლონდონურმა კლუბმა შინ მიიღო „ვიტესი“ და 3:2 გაიმარჯვა.

ხუთივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. მასპინძელთაგან თითო გოლი გაიტანეს ჰეონ-მინ სონმა და ლუკას მოურამ, რასაც იაკობ რასმუსენის ავტოგოლიც დაემატა და 28-ე წუთისთვის „ტოტენჰემი“ 3:0-ს იგებდა. მაგრამ 32-ე და 39-ე წუთებზე იმავე რასმუსენმა და მატუშ ბერომ ორი საპასუხო გოლი გაიტანეს.

ამ შეხვედრაში სამი წითელი ბარათიც იყო – ლონდონელებს გაუძევეს კრისტიან რომერო, „ვიტესს“ – დანილო დუკი და მარკუს შუბერტი.

„გიჟური თამაში. საერთოდ, არ მიყვარს ასეთი თამაშები. გიჟური მატჩი ნიშნავს, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ უნდა მოგვეგო და ჩვენ გავიმარჯვეთ.

3:0-ს ვიგებდით, მაგრამ შემდეგ ორი გოლი გავუშვით, რაც შეიძლებოდა თავიდან აგვეცილებინა. გაძევების შემდეგ გვქონდა პრობლემები. ასეთ რთულ სიტუაციაში მოგება ცუდი არ არის გუნდისთვის და ფეხბურთელებისთვის. მათ მეტი დამაჯერებლობა სჭირდებათ, ასევე – მეტი მუშაობა. პრობლემა ის გახლავთ, რომ დრო უნდა გამოვნახოთ ამ მუშაობისთვის. მხოლოდ ორი დღე გვაქვს მომდევნო მატჩისთვის, შემდეგ კი იქნება პაუზა სანაკრებო თამაშებისთვის.

რა თქმა უნდა, გაუმჯობესება გვჭირდება. ბევრ ასპექტზე უნდა ვიმუშაოთ – ტაქტიკურსა და ფიზიკურზე. არ მეშინია მუშაობის და ვიცი, რომ მხოლოდ მისი დახმარებით შეიძლება მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევა“, – განაცხადა მატჩის შემდეგ კონტემ.

G ჯგუფში „ტოტენჰემი“ შვიდი ქულით მეორე ადგილზეა.