ანტარქტიდაზე, სამი კმ სიღრმიდან აიღეს 1,2 მლნ წლის წინანდელი ყინული, რომელიც ბევრს გვეტყვის დედამიწის უძველესი კლიმატის შესახებ — #1tvმეცნიერება
ანტარქტიდაზე გაბურღვით აღებული ყინულის კოლოსალური ნიმუში შეიძლება შეიცავდეს დედამიწის კლიმატის უძველეს, დაურღვეველ ქრონოლოგიას — მილიონზე მეტი წლის წინანდელს.
ყინულის ნიმუშის სიგრძე 2800 მეტრია. მეტრის სიგრძის ყოველი სეგმენტი მოიცავს 13 000-წლიან ისტორიას, მათ შორის, უძველესი ჰაერის ბუშტუკებს. საერთო ჯამში, ეს მტკიცებულებები იძლევა ამჟამინდელი კლიმატის კრიზისის საძირკველს და შეიძლება ბევრი რამ გვითხრას წარსულის იმ ექსტრემალური კლიმატური ცვლილებების შესახებ, რომლებმაც ადამიანთა გადარჩენას შეუქმნა საფრთხე.
„გვაქვს ძლიერი მინიშნება, რომ ზედა 2480-მეტრიანი ნაწილი შეიცავს 1,2 მილიონ წლიან კლიმატური ისტორიის ჩანაწერს“, — ამბობს ევროპის ანტარქტიკის ყინულების კვლევის პროექტის (EPICA) უფროსი მეცნიერი ჯულიენ ვესტჰოფი.
საჭიროა შემდეგი ანალიზები, მაგრამ არის შანსი, რომ ნაბურღი ნიმუშის ყველაზე ღრმა ნაწილები მეოთხეული სისტემის პერიოდამდელი იყოს, 2,5 მილიონ წელზე უფრო ძველი.

ანტარქტიდაზე აღმოჩენილი ყველაზე ძველი ყინული 2,7 მილიონი წლისაა, მაგრამ დედამიწის მოძრაობების შედეგად, ეს ყინული გაყინული მასალების უფრო თავთხელ მონაკვეთში მოხვდა და შესაბამისად, ვერ გვაძლევს კლიმატის უწყვეტ ქრონიკას და უფრო ერთ კონკრეტულ მონაკვეთს ასახავს.
აქამდე, პროგრამა EPICA-ს მიერ აღებული უძველესი ვერტიკალური ყინულის ნიმუში სულ მცირე 740 000 წელიწადს მოიცავდა და ის 2004 წელს მოიპოვეს.
ყინულის ნაბურღი ნიმუშები მეცნიერებისთვის უძვირფასესია, რადგან მათში ჩაჭედილია ნაწილაკები, წყლის იზოტოპები და ატმოსფერულ აირთა ბუშტუკები, მათ შორის, ნახშირორჟანგი და მეთანი. ეს ყველაფერი მეცნიერებს ჩვენი პლანეტის ისტორიული კლიმატისა და გარემოს აღდგენის საშუალებას აძლევს.

აღმოსავლეთ ანტარქტიკაში აღებული ახალი ნაბურღი მოიცავს დროის იმ პერიოდს, როცა დედამიწის გამყინვარების ციკლები გაურკვევლად დაგრძელდა, დაახლოებით 900 000 – 1,2 მილიონი წლის წინ.
ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, აფრიკაში ადრეულ ადამიანთა თითქმის 99 პროცენტი შეიძლება სწორედ ამ უკიდურესი აცივების დროს დაიხოცა; თუმცა, ეს ჰიპოთეზა საკამათოა და ძირითადად თანამედროვე გენეტიკურ მონაცემებს ეფუძნება.
ანტარქტიდაზე აღებულმა ყინულის ნიმუშებმა შეიძლება კიდევ უფრო მეტი დეტალი მოგვცეს იმ პერიოდში დედამიწის კლიმატის ცვალებადობის შესახებ. სავარაუდოდ, ასევე დაადასტურებს, რამდენად შორს წაიყვანა ჩვენი პლანეტის გამყინვარების ბუნებრივი ციკლები ანთროპოგენურმა ემისიებმა.

„ეს გადასვლა სამეცნიერო იდუმალებად რჩება, განსაკუთრებით სათბურის აირებისა და ყინულის ფენების დინამიკის როლის თვალსაზრისით. ეს მონაცემები გვეხმარება, რომ შევისწავლოთ ჩახლართული ურთიერთკავშირი სათბურის აირებსა და გლობალურ ტემპერატურას შორის ასობით ათასწლიან პერიოდში, ახლა კი უკვე 1,2 მილიონი და მეტი წლის წინაც“, — ამბობს EPICA-ს დირექტორი კარლო ბარბანტე.
ადგილს აღმოსავლეთ ანტარქტიდაზე, საიდანაც ახალი ნაბურღი აიღეს, მცირე გუმბათი C ჰქვია და იმიტომ შეარჩიეს, რომ რადარულმა კვლევებმა ცხადყო უკიდურესად სქელი ყინულის არსებობა, ნამცხვრის მსგავსად შრეებიანის, რომლის ფსკერიც ჯერ გამდნარი არ იყო.

მცირე გუმბათი C ანტარქტიდის ცენტრალურ პლატოზე, ზღვის დონიდან 3200 მეტრზე მდებარეობს და ზაფხულის ტემპერატურა -35 ºC-ს შეადგენს.
როდესაც გაბურღვა დაიწყო, იზოტოპური ანალიზის სისტემა გლაციალურ და ინტერგლაციალურ ციკლებს თითქმის რეალურ დროში კითხულობდა, რადგან ყინულის ყოველ ნაწილს ხმელეთიდან იღებდნენ. სწორედ ამიტომ აკეთებენ EPICA-ს მეცნიერები ასეთ დიდ განცხადებებს ადრეულ ანალიზთა საფუძველზე.
დღეისათვის, ანტარქტიდის ყინულის საფარზე მოდის ჩვენი პლანეტის ყინულის 90 პროცენტი. ასეთმა გაბურღვებმა შეიძლება ცხადყოს ისიც, როგორ მოხვდა დედამიწის უკიდურეს სამხრეთ კონტინენტზე ამდენი მტკნარი წყალი.
მომზადებულია Associated Press-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.