ანრი ოხანაშვილმა რომან გოცირიძეს მიმართა - თქვენ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე როგორ იქცევით და ქუჩაში როგორ მოიქცეოდით
ანრი ოხანაშვილმა რომან გოცირიძეს მიმართა - თქვენ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე როგორ იქცევით და ქუჩაში როგორ მოიქცეოდით

თქვენ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე როგორ იქცევით და ქუჩაში როგორ მოიქცეოდით, – ასე მიმართა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ რომან გოცირიძეს.

მისი თქმით, მმართველი გუნდი კონსტიტუციისა და რეგლამენტის სრული დაცვით მოქმედებს.

„აი, ეს არის თქვენი სახე ბატონო რომან „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, თქვენ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე როგორ იქცევით და გარეთ, ქუჩაში როგორ მოიქცეოდით. ეს ხომ ვიხილეთ ყველამ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ემოციებით და ადამიანების ბედით არ ვმოქმედებთ. ჩვენ ვმოქმედებთ ცივი გონებით, ვიმოქმედებთ კანონის, კონსტიტუციის, რეგლამენტის სრული დაცვით“, – მიმართა ანრი ოხანაშვილმა რომან გოცირიძეს.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს შორის კამათი და დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე და უმრავლესობის დეპუტატი აკაკი ზოიძე დაუპირისპირდნენ. მცირე შელაპარაკებისა და რეპლიკების შემდეგ, რაშიც სხვა დეპუტატების ჩაერთნენ, ვითარება განიმუხტა.

ბიუროს სხდომაზე პარლამენტისთვის გენერალური პროკურატურის მიმართავს განიხილავენ, რომელიც დეპუტატ ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღებას ეხება.

გენერალური პროკურატურა ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტისგან თანხმობას ითხოვს. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.  მელია ხვალ დაბარებულია  საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მისთვის ბრალდების წარდგენის მიზნით. გენერალურმა პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, უკვე აცნობა საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.