ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საუკეთესო მოდელი შექმნა
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საუკეთესო მოდელი შექმნა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის მსოფლიოში საუკეთესო მოდელი შექმნა.

მისივე განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ საქართველომ ამ მიმართულებით სწორი ცვლილებები განახორციელა.

„ჩვენ, „ქართული ოცნების“ გუნდმა შევძელით და გავატარეთ რეფორმა, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესებთან დაკავშირებით და მსოფლიოში საუკეთესო მოდელი შევქმენით. თუ არსებობს ამაზე უკეთესი მოდელი, ყველა კვალიფიციურ იურისტს ვთხოვ დაასახელოს, რომელ ქვეყანას აქვს ამაზე უკეთესი სამართლებრივი მოდელი, რომელიც ჩვენ დავნერგეთ. რაც შეეხება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, მას თუ წაიკითხავთ, იქ არის მნიშვნელოვანი ხაზგასმა, რომ საქართველომ სწორი ცვლილებები განახორციელა ამ მიმართულებით, არის ასევე სარეკომენდაციო შემოთავაზება, რომ შესაძლებელია ესეც განხორციელებული.

რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ არ დაველოდეთ, ეს ძალიან მარტივი საკითხია და გაუგებრობები თავიდან უნდა ავიცილოთ. ვენეციის კომისია, ევროპის საბჭო და ევროკავშირი წინასწარ იყო ინფორმირებული, რომ საქართველოს პარლამენტს, რეგლამნეტის თანახმად, არ აქვს უფლება, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე კვლავ შეიკრიბოს, იმსჯელოს და განახორციელოს ცვლილებები. ჩვენ გვქონდა დედლაინი 30 სექტემბერი, ამიტომ მივიღეთ ეს ცვლილებები“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება რეგლამენტის ჩანაწერს, რომლის თანახმად, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პარლამენტის პლენარული სხდომის გამართვა გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია, ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ამის თაობაზე პოლიტიკურ ჯგუფებს შორის უნდა იყოს შეთანხმება.

„რეგლამენტში ჩანაწერი „როგორც წესი, სხდომები არ ტარდება“ – ეს ნიშნავს იმას, რომ თუ რაიმე განსაკუთრებული შეთანხმება პოლიტიკურ ჯგუფებს შორის არ არის, სხდომები არ ტარდება. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე არ ჩატარებულა თითქმის არასდროს, ერთია კანონმდებლიბა და მეორე ტრადიცია, რომელიც გვაქვს. არ ყოფილა არანაირი შეთანხმება პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, რომ შევკრებილიყავით და თუნდაც, ამ საკითხზე გვემსჯელა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.