ანრი ოხანაშვილი - ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი გვაქვს
ანრი ოხანაშვილი - ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი გვაქვს

გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ მოსამართლეთა შერჩევის შესახებ ჩვენს მიერ წარმოდგენილ პროექტს ვენეციის კომისიისგან დადებითი შეფასება ექნება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი კომისიის დასკვნას ხვალ ელოდება.

„ჩვენ ვენეციის კომისიის დასკვნას ველოდებით ხვალ. გავეცნობით დეტალურად რეკომენდაციებს და ამის შემდეგ, აღნიშნული რეკომენდაციები გათვალისწინების შედეგად ასახვას ჰპოვებს უკვე პლენარულ სხდომაზე. ჩვენ გვექნება პლენარულ სხდომაზე შესაძლებლობა, ამ რეკომენდაციებს დავუბრუნდეთ, ვიმსჯელოთ და გავითვალისწინოთ. როდესაც მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და გადავაგზავნეთ ვენეციის კომისიისთვის დასკვნის წარმოსადგენად ჩვენ მიერ შემუშავებული პროექტი, მოლოდინი გვქონდა მაშინაც პოზიტიური და ახლაც, რომ დადებითი შეფასება ექნება ჩვენ მიერ წარმოდგენილ პროექტს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, პროექტი ძირითადად ევროსაბჭოს რეკომენდაციებს ეფუძნება და უზრუნველყოფს იმას, რომ პროცესი იყოს საჯარო, მაქსიმალურად გამჭვირვალე და საქართველოს პარლამენტში ფართო გამჭვირვალობისა და საჯაროობის შედეგად შეირჩნენ მოსამართლეობის ღირსეული კანდიდატები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.