ანრი ოხანაშვილი - ვენეციის კომისია დადებითად აფასებს იმ ცვლილებებს, რომლებიც „ქართული ოცნების” მიერ დაინიცირდა
ანრი ოხანაშვილი - ვენეციის კომისია დადებითად აფასებს იმ ცვლილებებს, რომლებიც „ქართული ოცნების” მიერ დაინიცირდა

ვენეციის კომისია თუ იმით არის უკმაყოფილო, რომ მათი რეკომენდაციები შევასრულეთ, ეს ობიექტური შეფასების საგანია და ამაზე შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კომისია დადებითად აფასებს იმ ცვლილებებს, რომლებიც საერთო სასამართლოების შესახებ „ქართული ოცნების” მიერ დაინიცირდა.

„თუმცა კომისია ცალსახად, ხაზგასმით დადებითად აფასებს იმ ცვლილებებს, რომლებიც „ქართული ოცნების” მიერ დაინიცირდა. ჩვენ მათი რეკომენდაცების საფუძველზე კიდევ გავაუმჯობესეთ კანონმდებლობა. მოსაზრებები არსებობს ტექნიკური ხასიათის საკითხებზე, რაც არც ერთ შემთხვევაში არ უკავშირდება რაიმე არსებით სამართლებრივ საკითხს.

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ შეჩერდეს პროცესი და განახლდეს ამ ცვლილებების მიღების შემდგომ, ეს საკითხი დაკავშირებული იყო წინა ცვლილებებთან. გახსოვთ, ვენეციის კომისიას შენიშვნა ჰქონდა, რომ პროცესი ყოფილიყო ღია და კანდიდატს ჰქონოდა შესაძლებლობა ორჯერ გასაჩივრების. ჩვენ ეს რეკომენდაციები შევასრულეთ და სწორედ მაშინ, როცა რეკომენდაციები ჯერ კიდევ არ იყო ასახული, ვენეციის კომისიას ჰქონდა შენიშვნა, რომ ამ ცვლილებების გასწორების შემდგომ იყო საჭირო კონკურსის შეჩერება და ახალი კონკურსის გამოცხადება. გახსოვთ, ვიდრე ვენეციის კომისიაში პროექტს გავაგზავნიდით, მაშინ ამ საფუძველზე, რაც ბოლოს მივიღეთ, კონკურსი თავიდან გამოცხადდა და ამ ახალი რეგულაციების პირობებში, მიეცათ კანდიდატებს დამატებით საშუალება, რომ შეეტანათ საბუთები. ამიტომ, ეს საკითხი ავტომატურად შესრულებულია და არანაირი დატვირთვა ამას უკვე აღარ აქვს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.