ანრი ოხანაშვილი - უმაღლესმა მთავარსარდალმა ჯარზე ფრთხილი და მოზომილი განცხადება უნდა გააკეთოს 
ანრი ოხანაშვილი - უმაღლესმა მთავარსარდალმა ჯარზე ფრთხილი და მოზომილი განცხადება უნდა გააკეთოს 

მაშინ, როდესაც ჩვენ გვყავს საამაყო ჯარისკაცები და ისეთი საამაყო ჯარი, რომელებიც საერთაშორისო დონეზე არიან აღიარებულნი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალიან მაღალი შეფასებები მიეცემათ ხოლმე, ძალიან ფრთხილი და მოზომილი განცხადება უნდა გააკეთოს უმაღლესმა მთავარსარდალმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ასეთი განცხადებების დროს მეტი დაფიქრებაა საჭირო.

„ვერ ვუშვებ იმას, რომ ის არ აღიარებს ჩვენი ჯარისკაცებისა და ჩვენი ჯარის როგორც საერთაშორისო წარმატებას, ასევე იმას, რომ ჩვენ გვყავს საამაყო ჯარისკაცები. უბრალოდ როგორც ჩანს, ალბათ ფიქრობდა ერთს, თუმცა სხვა რამის გამოხატვა მოხდა. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო არ არის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გუშინ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სიტყვითაც მიმართა. პრეზიდენტმა საქართველოსა და კავკასიის შესახებ ცოდნის შეგროვებისა და გავრცელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ საქართველოს ბევრი სერიოზული მეცნიერი მოღვაწეობს და ქართული კულტურის უცხოეთში გატანაში ისინიც უნდა იყვნენ ჩართული. „ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

​საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის სიტყვები ქართული ჯარის შესახებ დამახინჯდა და კონტექსტის გარეშე, ინტერპრეტაციით გავრცელდა. „ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.