ანრი ოხანაშვილი - უცნაურია, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში გარკვეული ტენდენცია პირდაპირ ეწინააღმდეგება აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებებს
ანრი ოხანაშვილი - უცნაურია, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში გარკვეული ტენდენცია პირდაპირ ეწინააღმდეგება აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებებს

უცნაურია, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში წარმოდგენილი გარკვეული ტენდენცია პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებებთან, რომლებიც მათ სასამართლო სისტემაში ჩვენი გუნდის მიერ გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით გააკეთეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა „ფრიდომ ჰაუსის“ დასკვნაზე, რომელშიც საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის ხელყოფაზეა საუბარი.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შესაბამის ანგარიშებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის მიერ სასამართლო სისტემის რეფორმის მეოთხე ტალღა მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად არის შეფასებული.

„სწორედ აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ განხორციელებული რეფორმები, კერძოდ სასამართლო სისტემის მეოთხე ტალღა, შეფასებულია მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად სასამართლო სისტემების მეტი დამოუკიდებლობისთვის, მეტი განვითარებისთვის და კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ (Freedom House) სახელწოდებით – „ქვეყნები გარდამავალ პროცესში“ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.