ანრი ოხანაშვილი - თვალთვალის, დაშანტაჟებისა და პირადი კადრებით იძულების დრო დამთავრდა, მესმის, რომ ზოგიერთ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციას ამის ნოსტალგია აქვს
ანრი ოხანაშვილი - თვალთვალის, დაშანტაჟებისა და პირადი კადრებით იძულების დრო დამთავრდა, მესმის, რომ ზოგიერთ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციას ამის ნოსტალგია აქვს

დამთავრდა დრო, როდესაც რეალურად ხდებოდა ადამიანების თვალთვალი, დაშანტაჟება და პირადი კადრებით იძულება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომლითაც იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას გამოეხმაურა.

ოხანაშვილის თქმით, ზოგიერთ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ატარებდნენ, ამის ნოსტალგია აქვთ.

ოხანაშვილი ფიქრობს, რომ ვიდეომასალები უკანონოდ არ არის მოპოვებული.

„ყველა შეკითხვაზე პასუხი იუსტიციის მინისტრმა გასცა. თუ ვინმეს რაიმე შეკითხვა აქვს ამასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს ექნება პასუხი. თქვენ უშვებთ იმას, რომ რაიმე უკანონო ფორმით ყოფილიყო მოპოვებული, ამის საჯაროდ და საზოგადოებისთვის დემონსტრირება მომხდარიყო? ცოტა მეტად დავფიქრდეთ, ვინ რას იტყვის. ვიდრე სიტყვას იტყვიან, ცოტა მეტად დაფიქრდნენ იმაზე, რას ამბობენ. თუ ვინმე უშვებს, რომ ვინმეს რაიმე ფორმით უკანონოდ რაიმე მოეპოვებინა და ამის საჯარო დემონსტრირება განეხორციელებინა, ეს არის ნონსენსი.

ის დრო დამთავრდა, როდესაც რეალურად, რეალურ სივრცეში და დროში ხდებოდა ადამიანების თვალთვალი, დაშანტაჟება და იძულება პირადი კადრებით. ეს დრო წარსულს ჩაბარდა. მესმის, რომ ზოგიერთ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ატარებდნენ, ეს ნოსტალგია აქვს. ეს მათი დღის წესრიგია და როგორც ჩანს, ნოსტალგიაში არიან. ეს დრო წარსულს ჩაბარდა და აღარასდროს დაბრუნდება“ ,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ საპატიმროებში გადაღებული ვიდეოების გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.