ანრი ოხანაშვილი – სპეკულაციაა საუბარი, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებებით პარტიებს შეზღუდვები უწესდება, ეს არის ე.წ. მიტოვებული პარტიების გაუქმების საკითხი
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რომ პოლიტიკური პარტიების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ინიციატივა ე.წ. მიტოვებულ პარტიებს შეეხება.
ოხანაშვილის განცხადებით, საუბარია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვით, თუ პარტია ანტიკორუფციულ ბიუროს საფინანსო დეკლარაციას ზედიზედ ორი წლის განმავლობაში არ წარუდგენს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იქნება, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე პარტიის რეგისტრაცია გააუქმოს.
დეპუტატის თქმით, არსებობენ პარტიები, რომლებიც მიტოვებული არიან და მათ ბიუროკრატიული პროცედურების გამო ვერ აუქმებენ.
„საუბარი, რომ აღნიშნული ცვლილებებით პარტიებს შეზღუდვები უწესდებათ, ნონსენსი და სპეკულაციაა. ჩვენ ამას მიტოვებული პარტიების გაუქმების საკითხი დავარქვით – ეს არის მიტოვებული პარტიების გაუქმების საკითხი. მოგეხსენებათ, პარტიამ ყოველ წელს საფინანსო დეკლარაცია უნდა წარადგინოს. არიან პარტიები, რომლებიც არა თუ საფინანსო დეკლარაციას წარადგენენ, არამედ საერთოდ მიატოვეს. იდეაში უნდათ, რომ ეს პარტია რეგისტრაციაში აღარ ჰქონდეთ, გაუქმდეს, მაგრამ კანონში არის ბიუროკრატიული ჩანაწერები და პროცედურები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს. ამიტომ ვამბობთ, რომ პირმა პარტია თუ მიატოვა, არც ბიუროკრატიული მექანიზმების განხორციელება არ შეუძლია და ზედიზედ ორი წელი ფინანსურ დეკლარაციას არ წარადგენს, მაშინ ასეთი პარტია გაუქმებულად მიიჩნევა. ფინანსური დეკლარაციის ფორმალური წარდგენაც შექმნის იმის საფუძველს, რომ პარტია დარჩეს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შედის ცვლილებები, რომლის მიხედვით, პოლიტიკური პარტიის მიერ ანტიკორუფციული ბიუროსთვის საფინანსო დეკლარაციის ზედიზედ ორი წლის განმავლობაში წარუდგენლობა, შესაძლოა, პარტიის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდეს.