ანრი ოხანაშვილი - შალვა ნათელაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ საკუთარ კოლეგებს, არამედ მოლაპარაკების პროცესს, დემოკრატიულ ღირებულებებს და ელჩებს
ანრი ოხანაშვილი - შალვა ნათელაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ საკუთარ კოლეგებს, არამედ მოლაპარაკების პროცესს, დემოკრატიულ ღირებულებებს და ელჩებს

შალვა ნათელაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ საკუთარ კოლეგებს, არამედ მოლაპარაკების პროცესს, დემოკრატიულ ღირებულებებს და ელჩებს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის შეფასებით, შალვა ნათელაშვილის გუშინდელი ქმედება იყო ანტიდასავლური განწყობების გაღვივების მცდელობა, რაც გამოწვეული იყო ვიწროპარტიული ინტერესით.

„შალვა ნათელაშვილისა და სხვების ანტიდასავლური განცხადებები კარგად გვახსოვს, მათ შორის, გერმანიისა და ამერიკის ელჩების მიმართ. ეს არის პირდაპირ ანტიდასავლური განწყობების გაღვივების მცდელობა, რასაც არ შეიძლება, პოლიტიკოსი ხელს უწყობდეს, თუ ის დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია. შალვა ნათელაშვილის დემონსტრაციული აქტიც ეფუძნებოდა პარტიულ და არა ქვეყნის ინტერესებს. ეს არ იყო ქვეყნის ინტერესებით ნაკარნახევი დემოკრატიული აქტი, ეს იყო ვიწროპარტიულ ინტერესზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომ მოლაპარაკების დროს პირველ ადგილზე თუ არ იქნება პარტიული ინტერესი, ის ტოვებს მოლაპარაკებებს. ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ საკუთარ კოლეგებს, არამედ მოლაპარაკების პროცესს, დემოკრატიულ ღირებულებებს, ფასეულობებს და ელჩებს, რომლებიც მოლაპარაკებას ესწრებოდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ შალვა ნათელაშვილისთვის არ არის მთავარი არც დემოკრატიული ღირებულებები და არც დასავლური ფასეულობები, რაც არის სამწუხარო“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გუშინდელი შეხვედრის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ კონსულტაციებზე მედიატორმა პირველ თემად საკანონმდებლო ორგანოში შესვლა, საარჩევნო და სასამართლო რეფორმა დააყენა.  შალვა ნათელაშვილმა კრისტიან დანიელსონის მიერ ინიცირებული შეხვედრა, რომელსაც მმართველის პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლების ესწრებოდნენ, პროტესტის ნიშნად დატოვა.