ანრი ოხანაშვილი - საქართველოში ამერიკული ინვესტიციები გაზრდილია, ამ მხრივ არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს
ანრი ოხანაშვილი - საქართველოში ამერიკული ინვესტიციები გაზრდილია, ამ მხრივ არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კომპანია „ფრონტერას“ მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით საუბრისას აცხადებს, საქმე ლონდონის საერთაშორისო არბიტრაჟშია გადაწყვეტილი და თუ ვინმეს მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო არბიტრაჟისადმი ეჭვები აქვს, მას მიმართოს.

ამასთან, ოხანაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ამერიკული ინვესტიციები ზოგადად გაზრდილია და ხელისუფლება ორიენტირებულია, ბიზნესს მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს.

„ამ საკითხთან დაკავშირებით იცით, რომ არაერთ სპეკულაციასთან გვქონდა საქმე. ეს საქმე ლონდონის საერთაშორისო არბიტრაჟში არის განხილული და გადაწყვეტილი. თუ ვინმეს ეჭვები შეაქვს მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო არბიტრაჟისადმი, მაშინ მას მიმართონ.

რაც შეეხება ამერიკულ ბიზნეს და ჩვენი საერთაშორისო უმნიშვნელოვანესი პარტნიორის ინტერესებს, თუ ზოგადად ამერიკული ბიზნესის საქართველოში განვითარებას, ამერიკული ინვესტიციები ზოგადად გაზრდილია და როგორც „ქართული ოცნების“ გუნდი და სრულიად ხელისუფლება, ორიენტირებულია იმისთვის, რომ ბიზნესს მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს, რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოში ბიზნესის დაწყებასა თუ წარმოებას. ეს არის ჩვენი ამოცანა. პირიქით, მაქსიმალური ხელშეწყობა. საქართველოში ამერიკული ინვესტიციები გაზრდილია და შესაბამისად, ამ მხრივ არანაირი კითხვის ნიშანი აქ არ არსებობს“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

დატოვე კომენტარი