ანრი ოხანაშვილი - საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ნიკანორ მელიას კიდევ ერთხელ თუ გასამართლება უნდათ, ეს მისაღებია და  შეიძლება, მხარიც დავუჭიროთ
ანრი ოხანაშვილი - საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ნიკანორ მელიას კიდევ ერთხელ თუ გასამართლება უნდათ, ეს მისაღებია და  შეიძლება, მხარიც დავუჭიროთ

საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ნიკანორ მელიას კიდევ ერთხელ თუ გასამართლება უნდათ, ეს მისაღებია და  შეიძლება, მხარიც დავუჭიროთ, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ლელოს“ ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ის მომხრეა, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ყველაფერს პასუხი გაეცეს.

„მე არანაირი პრობლემა არა მაქვს, რომ ყველაფერი გაირკვეს, ყველაფერს გაეცეს პასუხი. იცი, რომ მიმდინარეობს გამოძიებაც და მთელი რიგი საქმეები არ არის დასრულებული. შესაბამისად, მე არაფერი წინააღმდეგობა არ მაქვს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით დაისვას კითხვის ნიშნებიც და დაისვას წერტილი, თუმცა თუკი ვინმე პოლიტიკურად და სამართლებრივად იქნება პასუხისმგებელი 20 ივნისის მოვლენებზე, პირველი ეს იქნება ნიკანორ მელია. საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ამის დემონსტრირება და ნიკანორ მელიას კიდევ ერთხელ თუ გასამართლება უნდათ, ეს მისაღებია და შესაბამისად, შეიძლება მხარიც დავუჭიროთ ჩვენ ამას.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ საკითხის ასე გააქტიურებით, რისი წინააღმდეგიც არ ვარ, ეს ყველაფერი შესაძლებელია ლეგიტიმურ ეჭვებს აჩენდეს, რომ ხომ არ სურს რომელიმე ჯგუფს ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გასვლა. ვინაიდან შეთანხმების სულისკვეთება იყო კონკრეტული პირებისთვის და არა მხოლოდ, ამ მოვლენასთან დაკავშირებით პატიება. ვიცით, რომ მათ ჩაიდინეს სავარაუდო დანაშაული. ვაპატიოთ და თუკი ხდება ასეთი საკითხების სპეკულაციურად წარმოჩენა, ეს აჩენს ეჭვს, ხომ არ სურს ვინმეს ამ ხელშეკრულების აღსრულების ჩაშლა. რაც არ უნდა სცადონ ნიკანორ მელიას რაინდად წარმოდგენა, ამ ადამიანმა დაარღვია კანონი. „ლელომ“ რაც არ უნდა  ინიციატივები წარმოადგინოს და სცადოს მოლაპარაკებით ნაკისრი ვალდებულების სავარაუდო ჩაშლა, ჩვენ ამის უფლებას არავის მივცემთ. შეთანხმებას შევასრულებთ, ამნისტიის პროექტს მივიღებთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, უნდა შეიქმნას საპარლამენტო კომისია იმ პირთა დასადგენად, ვის წინააღმდეგაც 20 ივნისთან დაკავშირებით საქმეა აღძრული.