ანრი ოხანაშვილი - რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც უარს ამბობდნენ სამუშაო ფორმატებში მონაწილეობაზე, ევროკავშირის უმაღლესი ტრიბუნიდან წითელი ბარათი უჩვენეს
ანრი ოხანაშვილი - რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც უარს ამბობდნენ სამუშაო ფორმატებში მონაწილეობაზე, ევროკავშირის უმაღლესი ტრიბუნიდან წითელი ბარათი უჩვენეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ჩასვლას, საქართველო-ევროკავშირის საბჭოს სხდომას, სამუშაო შეხვედრებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველო-ევროკავშირს შორის მჭიდრო, საიმედო, პარტნიორულ თანამშრომლობას.

ამასთან, ოხანაშვილის თქმით, იმ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც უარს ამბობდნენ სამუშაო ფორმატებში მონაწილეობაზე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ უჩვენეს წითელი ბარათი.

„ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან მოვისმინეთ, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა არის დიდი მონაპოვარი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში. ასევე, მოვისმინეთ შეფასებები, რომ 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე სრულიად ოპოზიციურ სპექტრს. მოვისმინეთ მოწოდებები, რომ ყველა უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. ეს ნიშნავს, რომ იმ რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში უარს ამბობდნენ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე, კიდევ ერთხელ უჩვენეს წითელი ბარათი, რომ ისინი არ არიან მოწადინებულნი ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივისა და საბოლოოდ, ევროკავშირში წევრობის მინიჭებისთვის. ეს არის სამწუხარო ფაქტი, თუმცა ეს მოხდა და რადიკალურმა ოპოზიციამ წითელი ბარათი მიიღო უმაღლესი ტრიბუნიდან“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, ბრიუსელში, ირაკლი ღარიბაშვილთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს მთელი ერის კონსენსუსის საფუძველზე განხორციელებული და ყველამ ერთად უნდა იმუშაოს, არა მარტო მთავრობამ, არამედ ყველა პარტიამ“.