ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს მთელი ერის კონსენსუსის საფუძველზე განხორციელებული და ყველამ ერთად უნდა იმუშაოს, არა მარტო მთავრობამ, არამედ ყველა პარტიამ
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს მთელი ერის კონსენსუსის საფუძველზე განხორციელებული და ყველამ ერთად უნდა იმუშაოს, არა მარტო მთავრობამ, არამედ ყველა პარტიამ

ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი, არ არსებობს არანაირი მოკლე გზა, არანაირი გადახვევა, არსებობს პოლიტიკური ნება, პოლიტიკური დეკლარაცია, რომელიც შედეგებში გადაიზრდება და მხოლოდ ხილვადი, ხელმისაწვდომი, ხელშესახები შედეგები განაპირობებს ამ გზაზე წინსვლას, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ირაკლი ღარიბაშვილთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ქვეყანა.

„მიხარია, რომ ვმასპინძლობ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ასოცირების საბჭოს სხდომაზე. საქართველო არის ჩვენი ერთ-ერთი უმჭიდროესი პარტნიორი. ეს განსაკუთრებული შეხვედრაა, რადგან ევროკავშირის ლიდერების მიერ საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის აღიარების შემდეგ, ასეთი მაღალი დონის შეხვედრა პირველად იმართება და ნამდვილად ადასტურებს, რომ ევროკავშირს აქვს ნაკისრი ვალდებულება, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი ურთიერთობები და საქართველოს ამბიციები გაამართლოს. თუმცაღა, ეს ამბიციები, როგორც ყოველთვის, მომდინარეობს და მოდის პასუხისმგებლობით. ეს პასუხისმგებლობა არის, უპირველეს ყოვლისა, რეფორმების გაგრძელება, განსაკუთრებით იმ 12 პრიორიტეტის მიმართ, რომელიც დასახელდა ევროკომისიის მიერ. მეორე პასუხისმგებლობა მომდინარეობს იქიდან, რომ შესუსტდეს პოლარიზაცია მთელს ამ პოლიტიკურ სპექტრში და აქცენტი გაკეთდეს ყველას საერთო ძალისხმევაზე, რათა გაცხადებული მიზანი იქნას შესრულებული, ეს არა მარტო მთავრობამ უნდა შეასრულოს, არამედ მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა და მთელმა საზოგადოებამ.

ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი, არ არსებობს არანაირი მოკლე გზა, არანაირი გადახვევა, არსებობს პოლიტიკური ნება, პოლიტიკური დეკლარაცია, რომელიც შედეგებში გადაიზრდება და მხოლოდ ხილვადი, ხელმისაწვდომი და ხელშესახები შედეგები განაპირობებს ამ გზაზე წინსვლას.

პერსპექტივა ძალიან ნათელია, როდესაც საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორც არის პოლიტიკური კულტურა, ინკლუზიურობა, დემოკრატიის პრინციპები, სამართლის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედიის თავისუფლების პრინციპები, ეს ყველაფერი ჩვენი ფუძემდებლური პრინციპებია“, – განაცხადა ბორელმა.

მისივე თქმით, საქართველომ გადაწყვიტა, ევროპულ გზას შეუდგეს, ეს პასუხისმგებლობა იკისროს და ახლა აქტუალურია, რომ ეს დანაპირები შესრულდეს.

„მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს მთელი ერის კონსენსუსის საფუძველზე განხორციელებული და ყველამ ერთად უნდა იმუშაოს, არა მარტო მთავრობამ, არამედ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ამ პროცესს ვუწოდებთ ინკლუზიურ პროცესს, რადგან მასში უნდა აისახოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი, რათა ევროკავშირს დაუკავშიროს თავისი მომავალი. ხაზი მინდა, გავუსვა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ამ გზაზე ყველა მონაწილე, ყველა მოთამაშე ასრულებს თავის როლს, თუმცაღა მთავარი პასუხისმგებლობა გამოკვეთილია. არ არის მარტივი, განსაკუთრებით არ არის მარტივი არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, მაგრამ თქვენ მარტონი არა ხართ, ევროკავშირი და ყველა ევროპული ინსტიტუტი თქვენთან არის, თქვენს დასახმარებლად არის მზად“, – განაცხადა ბორელმა.