ანრი ოხანაშვილი - ოპოზიცია პარლამენტიდან გამსვლელი არ არის, ამდენი იწვალეს აქ შემოსასვლელად და ახლა ბედნიერები არიან, რომ სკამები დაიკავეს
ანრი ოხანაშვილი - ოპოზიცია პარლამენტიდან გამსვლელი არ არის, ამდენი იწვალეს აქ შემოსასვლელად და ახლა ბედნიერები არიან, რომ სკამები დაიკავეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიცია, რომელმაც ბევრი იწვალა პარლამენტში შესასვლელად, ახლა არსად გამსვლელი არ არის.

ამის შესახებ ოხანაშვილმა მამუკა ხაზარაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„თქვენ მართლა გჯერათ, რომ ოპოზიცია სადმე გავა? ამდენი იწვალეს აქ რომ შემოსულიყვნენ და ახლა ბედნიერები არიან, რომ აქ სკამები დაიკავეს. არსად გამსვლელები არ არიან და თუ გავლენ, ისევ მალევე შემოვლენ, იმაზე უფრო ადრე ვიდრე აქამდე, როდესაც ექვსი თვე მოანდომეს პარლამენტის გარშემო სიარულს.

პოპულისტური განცხადებებია. მამუკა ხაზარაძეს არ მგონია დაეჯერებოდეს რაიმე ისეთი საკითხი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გუშინ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ თუ დაიწყებს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის ფორსირებას, „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტიდან გავა. „ლელოს“ ლიდერმა დღეს აღნიშნულ საკითხზე დამატებითი განმარტება გააკეთა. „გუშინდელი ჩემი განცხადება ვიღაცამ ისე გაიგო, რომ დღეს ვაპირებდით პარლამენტიდან გასვლას, არა, ბატონებო, თქვენ მარტო არ დაგტოვებთ, არ დაგტოვებთ იმ ხალხს, ვისაც ჩაფიქრებული აქვს, რომ დოკუმენტს გაუკეთოს ობსტრუქცია“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.