ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში ცხვირი შემოყო და გასვლა არ უნდა, ისე არ გააკეთონ, თავად იყვნენ დასაკავებლები
ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში ცხვირი შემოყო და გასვლა არ უნდა, ისე არ გააკეთონ, თავად იყვნენ დასაკავებლები

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში ცხვირი შემოყო და გასვლა არ უნდა, ისე არ გააკეთონ, თავად იყვნენ დასაკავებლები, – ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „მოსამართლეები პარლამენტში ცხვირს ვერ შეყოფენ“.

დეპუტატის თქმით, დიდი ხანია, მათი გადასაწყვეტი არ არის, საქართველოში ვინ როგორ გადაადგილდება

„არ ვიცი, „ნაციონალურ მოძრაობას“ რა სტრატეგია აქვს. როგორც ჩანს, ცხვირი შემოყვეს და გასვლა არ უნდათ. მთელი ამ ხნის განმავლობაში შემოსვლა არ უნდოდათ და ახლა გასვლაზე ამბობენ უარს. დიდი ხანია, მათი გადასაწყვეტი არ არის, საქართველოში ვინ როგორ გადაადგილდება. ყველას უფლება იქნება დაცული და ისე არ გააკეთონ, თვითონ იყვნენ დასაკავებლები“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესში ოპოზიცია მონაწილეობას თუ არ მიიღებს, ეს იქნება შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევა.

„იმ შემთხვევაში, თუ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ჯგუფები ამ პროცესში არ ჩაერთვებიან, ეს შეფასდება როგორც შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევა იმ ჯგუფების მიერ, რომელთაც უკვე დაარღვიეს, ხოლო ვისაც აქამდე დოკუმენტი არ დაურღვევია, თუ ამ პროცესში არ მიიღებენ მონაწილეობას, ეს იქნება შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევა. ამაზე უნდა იყოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შესაბამისი რეაგირება. ეს იქნება ძალიან სამწუხარო. რაც არ უნდა მცდელობა ჰქონდეთ პროცესის დისკრედიტაციის, ეს პროცესს ვერ დააზიანებს. „ქართული ოცნება“ სარგებლობს ერთი მილიონი ადამიანის მხარდაჭერით და ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს ხალხს. ამასთან, ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებენ აკადემიური წრის წარმომადგენლები“, – განაცხადა ოხანაშვილმა.