ანრი ოხანაშვილი - მოწოდებული ვართ, შევხვდეთ ნებისმიერ მოქალაქეს, მაგრამ კამერის გარეშე არ შემოვალ, ეს არის სპეკულაცია და მიანიშნებს იმაზე, რომ შედეგი არ აინტერესებთ
ანრი ოხანაშვილი - მოწოდებული ვართ, შევხვდეთ ნებისმიერ მოქალაქეს, მაგრამ კამერის გარეშე არ შემოვალ, ეს არის სპეკულაცია და მიანიშნებს იმაზე, რომ შედეგი არ აინტერესებთ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რატომ არ შეხვდა ღია ფორმატში მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენლებს.

ოხანაშვილის თქმით, კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის ცივილური ფორმა არის დახურულ კარს მიღმა საუბარი, რათა შეხვედრის მონაწილეთა პოზიციები მოისმინოს და მათ პასუხები გასცეს.

ოხანაშვილის განცხადებით, მზადაა, შეხვდეს ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული საუბარი სურს.

ანრი ოხანაშვილის განმარტებით, „გაბედეს“ წევრების მიერ კამერების გარეშე შეხვედრაზე უარის თქმა, სპეკულაციაა და მიუთითებს იმაზე, რომ მათ რეალურად შედეგი არ აინტერესებთ.

„თუ ვინმეს გარკვეული პოზიციების გაჟღერება კამერების წინ სურს, ამის უფლება ყველას აქვს. აქ ადგილი არ იყო იმისთვის, რომ კონკრეტულ საკითხებზე კამერების წინ გვემსჯელა. მოწოდებული ვართ, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შევხვდეთ, ვისაც კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული შეხვედრა სურს. კამერის გარეშე არ შემოვალ და არ დავჯდები, ეს უკვე სპეკულაციაა. ეს მიანიშნებს, რომ შედეგი არ აინტერესებთ. როგორც ჩანს, არც საუბარი აინტერესებთ. სამწუხაროა, რომ არ შემოვიდნენ და სასაუბროდ არ დასხდნენ. თუ საკითხის გადაჭრა გსურს, იმით არ უნდა აპელირებდე, რომ კამერის გარეშე საკითხი ვერ გადაწყდება. საკითხს კამერა არ წყვეტს, კონსტრუქციული დიალოგი წყვეტს”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძესთან „გაბედეს“ წევრების შეხვედრა ჩაიშალა. „გაბედეს“ წევრების თქმით, დეპუტატების წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართებოდა და მას მედია ვერ დაესწრებოდა.

„გაბედეს“ წევრების განცხადებით, მათ საზოგადოებისთვის დასამალი არაფერი ჰქონდათ. ამიტომ პროტესტის ნიშნად შეხვედრაზე არ შევიდნენ და პარლამენტის შენობა დატოვეს.