ანრი ოხანაშვილი მის მიმართ მუქარაში ბრალდებულ პირზე - ზღაპრები უთხრას მათ, ვინც დაარიგა
ანრი ოხანაშვილი მის მიმართ მუქარაში ბრალდებულ პირზე - ზღაპრები უთხრას მათ, ვინც დაარიგა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ არ გამორიცხავს, მის მიმართ მუქარაში ბრალდებული პირი პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, შეკვეთით მოქმედებდა.

ოხანაშვილის თქმით, აღნიშნული პირი ყველაფერს კადრულობს და არც იმას გამორიცხავს, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, მას უფრო მძიმე რამ ჰქონოდა დაგეგმილი.

„ამ ადამიანმა ზღაპრები უთხრას იმათ, ვინც ყოველივე ამის შესახებ დაარიგა. მისი ასეთი საქციელის გამო, ნაცვლად იმისა, რომ მოინანიოს, რაც განახორციელა, არ გამოვრიცხავ, პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, შეკვეთით მოქმედებდა. ასევე, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანმა თვითდაზიანებები მიიყენოს ან მოაწყოს ინსცენირება მასზე თავდასხმის, შემდეგ კი ჩემკენ გამოიშვიროს ხელი. როგორ ჩანს, ეს ადამიანი ყველაფერს კადრულობს. კიდევ ერთხელ, ზღაპრები უთხრას მათ, ვინც ვინც ყოველივე ამის შესახებ დაარიგა. არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით მას უფრო მძიმე რამ ჰქონდა დაგეგმილი, უბრალოდ, სისრულეში შესაძლოა, ბოლომდე ვერ მოიყვანა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატ ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე დაკავებულ პირს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

შემთხვევა 14 იანვარს ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში მაშინ მოხდა, როდესაც დეპუტატი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ოჯახთან ერთად ვახშმობდა.

შემთხვევის შედეგად, შსს-მ ერთი პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა), მეორე მუხლის გ ქვეპუნქტით (არასრულწლოვანის მიმართ მუქარა) და 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.