ანრი ოხანაშვილი - მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას თუ გაბედავს, შესაძლოა, მას და ნიკა მელიას ერთად მოუწიოთ სასჯელის მოხდა
ანრი ოხანაშვილი - მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას თუ გაბედავს, შესაძლოა, მას და ნიკა მელიას ერთად მოუწიოთ სასჯელის მოხდა

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად გაკოტრებული და მხდალი ადამიანია, საქართველოში ჩამოსვლას ვერ გაბედავს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მან კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვა.

ოხანაშვილის თქმით, სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას თუ გაბედავს, შესაძლოა, მას და მელიას ერთად მოუწიოთ სასჯელის მოხდა.

„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად გაკოტრებული და პოლიტიკურად მხდალი ადამიანია. ის საქართველოში ჩამოსვლას ვერ გაბედავს, თუ გაბედავს, მისი პარტიის ფიქციური თავმჯდომარე ნიკა მელია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელოდება. ამიტომ შეიძლება, მათ სასჯელის მოხდა ერთად მოუწიოთ. მისი განცხადებები სპეკულაციურია, მათი პრორუსული სახე გაშიშვლდა და ახლა ცდილობენ, ეს რაიმე ფორმით გადაფარონ, ვითომ, იმით, რომ მიხეილ სააკაშვილი ცხენზე ამხედრებული შეძლებს თავისი მხარდამჭერების მობილიზებას, რომლებიც ლუსტრირებული არიან. ბევრს სჯეროდა, რომ ეს ძალა პროდასავლური იყო, თუმცა შარლ მიშელის დოკუმენტმა ყველას დაანახა, რომ ეს ძალა რეალურად პრორუსული ყოფილა და პოლიტიკურად გაკოტრებული ჯგუფია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.