ანრი ოხანაშვილი - მაშინ როდესაც გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტობის სულ რაღაც სამი თვე რჩება, იმპიჩმენტზე საუბარი ღიმილის მომგვრელია
ანრი ოხანაშვილი - მაშინ როდესაც გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტობის სულ რაღაც სამი თვე რჩება, იმპიჩმენტზე საუბარი ღიმილის მომგვრელია

მაშინ როდესაც გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტობის სულ რაღაც სამი თვე რჩება, იმპიჩმენტზე საუბარი ღიმილის მომგვრელია, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებას, სადაც მან პარლამენტის თავმჯდომარეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისკენ მოუწოდა.

„ჩვენმა საზოგადოებმა ორი დღის წინ იხილა ძალიან არასასიამოვნო სცენა სახელწოდებით –  პრეზიდენტის გაქცევა საქართველოს პარლამენტიდან.

მეორე დღეს კი ის დებატებს გაექცა. მაშინ როდესაც ბატონ მარგველაშვილს პრეზიდენტობის სულ რაღაც სამი თვე რჩება, ღიმილის მომგვრელია იმპიჩმენტზე საუბარი.

თუმცა, ასეთი შოუთი ის უკვე მესამედ ცდილობს გაქცევას, ამჯერად უკვე პრეზიდენტობიდან! თან გვებუნება ჩემით არ მინდა გაქცევა, თქვენ გამიშვითო.

იმპიჩმენტთან დაკავშირებით ახალი შოუ ფიქრია ჩიხრაძის შუამავალობით პრეზიდენტის ფუნქციაში ნამდვილად არ შედის. 

უკაცრავად, მაგრამ, ჩვენ ამ შოუში მონაწილეობას ვერ მივიღებთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ჩიხრაძემ შეწყალებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიმართ შესაძლო კორუფციის შესახებ განცხადებებზე და ამ საკითხის ირგვლივ შეფასებებზე განაცხადა.