ანრი ოხანაშვილი - მამუკა ხაზარაძეს წარმოდგენა არ აქვს საპარლამენტო დემოკრატიაზე, თავისუფალ მანდატსა და საპარლამენტო სუვერენიტეტზე
ანრი ოხანაშვილი - მამუკა ხაზარაძეს წარმოდგენა არ აქვს საპარლამენტო დემოკრატიაზე, თავისუფალ მანდატსა და საპარლამენტო სუვერენიტეტზე

მამუკა ხაზარაძეს წარმოდგენა არ აქვს საპარლამენტო დემოკრატიაზე, თავისუფალ მანდატსა და საპარლამენტო სუვერენიტეტზე, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში მამუკა ხაზარაძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

ოხანაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ფრაქციის „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ მოვალეობაა, შეაფასონ  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები და მათ ამ საკითხს თავი არ უნდა აარიდონ.

„მაინტერესებს, რა კავშირში იყო განსახილველ თემასთან ის საკითხი, რაც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მამუკა ხაზარაძეს წარმოდგენა არ აქვს საპარლამენტო დემოკრატიაზე, თავისუფალ მანდატსა და საპარლამენტო სუვერენიტეტზე. პარლამენტის წევრი, რომელიც იხსნის უფლებამოსილებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც მისი პირდაპირი მოვალეობაა და ამ შემთხვევაში, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ისინი გავლენ პარლამენტიდან იმასთან დაკავშირებით, რაც მათი მოვალეობაა, რომ შეასრულონ, მოისმინონ და შეაფასონ კანდიდატები. ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანს და სხვა ტაშის დამკვრელებს წარმოდგენა არ აქვთ, რას ნიშნავს პარლამენტის წევრის სტატუსი, ან რას ნიშნავს საპარლამენტო იმუნიტეტი, თავისუფალი მანდატი, და რას ნიშნავს საპარლამენტო სუვერენიტეტი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში განაცხადა, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელება ხელმოწერილი შეთანხმების, შარლ მიშელის დოკუმენტის უხეში დარღვევაა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის ფორსირებას თუ დაიწყებს, ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტიდან გავა.