ანრი ოხანაშვილი - ლიეჟში ვიხილეთ გრიგოლ ვაშაძის დამოკიდებულება განსხვავებული აზრისადმი
ანრი ოხანაშვილი - ლიეჟში ვიხილეთ გრიგოლ ვაშაძის დამოკიდებულება განსხვავებული აზრისადმი

ლიეჟში ვიხილეთ გრიგოლ ვაშაძის დამოკიდებულება განსხვავებული აზრისადმი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა მიეცეს საშუალება, ქვეყანაში გააჩინოს გარკვეული არასტაბილურობის განცდა.

„გუშინ ვიხილეთ ადამიანის დამოკიდებულება განსხვავებული აზრისადმი, ადამიანის, რომელსაც ჰქონდა პრეტენზია საქართველოს პრეზიდენტობაზე. მისი დამოკიდებულება განსხვავებული აზრისადმი კიდევ ერთხელ დაფიქსირდა და ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნახა, რა „ძალასთან“ გვაქვს საქმე. მათთვის ელემენტარული განსხვავებული მოსაზრებაც კი სრულიად მიუღებელია. ამიტომ საზოგადოებამ თავის დროზე გამოუტანა მათ განაჩენი და ყოველ მომდევნო ჯერზეც გამოუტანს. ჩვენი პრინციპული დამოკიდებულებაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მივცეთ საშუალება არაკონსტიტუციური გზით ხალხის დაშინების და ქვეყანაში გარკვეული არასტაბილურობის განცდის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესების სასახლეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს გუშინ შეხვდა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, შეხვედრაზე ჩავიდნენ ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან.

ლიეჟში იმყოფებოდნენ აგრეთვე საქართველოდან ჩასული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და აქტივისტები. შეხვედრას ვერ დაესწრო ემიგრანტების ნაწილი. როგორც თავად მათ განაცხადეს, განსხვავებული აზრის გამოთქმა სურდათ, რის გამოც, შეხვედრაზე არ შეუშვეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ლიეჟში შეხვედრამდე განაცხადა: „ყელში ამოვიდა ეს თქვენი განსხვავებული აზრი“.

ამასთან, დარბაზში შესვლისას სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს.