ანრი ოხანაშვილი - კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ სასამართლოს წინააღმდეგ ოპოზიციური პარტიების შტურმი სრულიად აცდენილია საზოგადოების განწყობას
ანრი ოხანაშვილი - კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ სასამართლოს წინააღმდეგ ოპოზიციური პარტიების შტურმი სრულიად აცდენილია საზოგადოების განწყობას

იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა ისეთივე მაღალ შეფასებას აძლევს სასამართლო სისტემას, როგორც ევროპის ქვეყნის მოქალაქეები თავიანტ სასამართლო სისტემებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ სასამართლო სისტემის წინააღმდეგ ოპოზიციური პარტიების შტურმი სრულიად აცდენილია სასამართლოსადმი საზოგადოების განწყობას.

„ჩანს, რომ არის გამოწვევები და ხარვეზები, რისთვისაც აუცილებელია მართლმსაჯულების სფეროს შემდგომი რეფორმირება. კვლევა ძირითადად ეფუძნება 1-ელ, მე-2, მე-3 ტალღას, რომელიც სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ხორციელდება. მთლიანობაში ეს კვლევა არის ძალიან პოზიტიური“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 51%, ხოლო სასამართლოს მოსარგებლეთა 55% მიიჩნევს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია.

„სასამართლო რეფორმების შეფასება საქართველოში (რეფორმების I, II და III ტალღა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი)“ კვლევა კონსორციუმებმა IPSOS France და „Amicus Curiae“-მ, პროფესორმა იან ვან დაიკმა და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბმა“ ჩაატარეს.