ანრი ოხანაშვილი - ხელისუფლების ამოცანა არ არის ვინმეს დისკრედიტაცია, ჩვენი ინტერესი არის ხალხზე ზრუნვა
ანრი ოხანაშვილი - ხელისუფლების ამოცანა არ არის ვინმეს დისკრედიტაცია, ჩვენი ინტერესი არის ხალხზე ზრუნვა

ჩვენი ინტერესი არის ხალხზე ზრუნვა, შესაბამისად, არანაირი ტროლები, არანაირი დაფინანსება, გამორიცხულია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, კითხვა იმის თაობაზე, რომ ტროლებს შესაძლოა, ხელისუფლება აფინანსებდეს, არასერიოზულია.

„ხელისუფლების ამოცანა არ არის ვინმეს დისკრედიტაცია. ჩვენი ინტერესი არის ხალხზე ზრუნვა, შესაბამისად, ყველანაირი ტროლები, ყველანაირი დაფინანსება გამორიცხულია. თავისთავად შეკითხვა არის არასწორი და შესაბამისად, პასუხიც არ არის. საინტერესოა, ვინ არის ამ ანგარიშის ავტორი, რაზე დაყრდნობით ამბობს და რამდენად ობიექტურია. ამიტომ მოდით, ეს გავარკვიოთ, ნუ ვაპელირებთ „ფრიდომ ჰაუსით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„ფრიდომ ჰაუსმა“ გუშინ კვლევა გამოაქვეყნა. რომლის მიხედვითაც, საქართველო ინტერნეტის თავისუფლების 2019 წლის ინდექსის ათეულში მოხვდა. „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, საქართველოში საანგარიშო პერიოდში ინტერნეტის თავისუფლება დაცული იყო.

„საანგარიშო პერიოდში ხელისუფლება, ძირითადად, პატივს სცემდა და იცავდა ციფრულ უფლებებს. ამავე პერიოდში ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია, რომელიც ინტერნეტთან წვდომის გარანტიას იძლევა. მიუხედავად ამისა, ინტერნეტის თავისუფლებას რამდენიმე მიმართულებით მაინც ემუქრებოდა საფრთხე. წვდომა გაიზარდა, თუმცა ზრდა სუსტი იყო. ტროლინგი, განსაკუთრებით მთავრობასთან დაკავშირებული ბოტების მხრიდან, 2018  წლის ივნისში და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა. გარდა ამისა, ინტერნეტის ლანდშაფტს ასევე აზიანებს დევნისა და ზეწოლის ხმაურიანი შემთხვევები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა საანგარიშო პერიოდში“, – ნათქვამია ანგარიშში.