ანრი ოხანაშვილი - კელი დეგნანზე თავდასხმა ნიშნავს აშშ-ზე თავდასხმას
ანრი ოხანაშვილი - კელი დეგნანზე თავდასხმა ნიშნავს აშშ-ზე თავდასხმას

კელი დეგნანზე თავდასხმა ნიშნავს აშშ-ზე თავდასხმას, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა შალვა ნათელაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, დაუშვებელია თავს ესხმოდე სტრატეგიული პარტნიორს, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი მთავარი გარანტია.

„შალვა ნათელაშვილი რომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ოკუპანტი ქვეყნის პირდაპირი ინტერესების განმხორციელებელია ეს დასტურდება მის არაერთ განცხადებასა და კონკრეტულ მოქმედებაში. ეს ადამიანები ასე უტიფრად ესხმიან თავს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს. ეს პირდაპირპროპორციულად ნიშნავს თავდასხმას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორზე – ამერიკის შეერთებული შტატებზე, ევროკავშირსა და გერმანიაზე. გახსოვთ, რომ გერმანიის ელჩს თავს დაესხნენ, შემდგომ ევროკავშირთან მიმართებაში ჰქონდათ ასეთი განცხადებები და ასევე უკვე სისტემატიური ხასიათი მიიღო თავდასხმამ ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ წარმომადგენელზე. ეს ნიშნავს თავდასხმას ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ეს არის ყოვლად მიუღებელი და მე ვფიქრობ, ამასთან მიმართებაში საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მკვეთრი რეაქცია. ოკუპაციის პირობებში დაუშვებელია თუნდაც პოლიტიკური განცხადებით თავს ესხმოდე სტრატეგიული პარტნიორს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი მთავარი გარანტია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, „ასეთი დიქტატორი მმართველი, როგორიც კელი დეგნანია საქართველოსთვის, არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვორონცოვ-დაშკოვი“.