ანრი ოხანაშვილი - კახა კალაძის მიერ გაჟღერებული პარკირების ახალი მოდელი ჩვენი საზოგადოების ინტერესებშია
ანრი ოხანაშვილი - კახა კალაძის მიერ გაჟღერებული პარკირების ახალი მოდელი ჩვენი საზოგადოების ინტერესებშია

ჩვენი საზოგადოების დიდი ინტერესია, დედაქალაქში პარკირების ისეთი ახალი მოდელი დაინერგოს, რომელიც პარკირებასთან დაკავშირებულ დღეს არსებულ პრობლემებს მოაწესრიგებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„სწორედ ამის მოგვარებას ემსახურება დედაქალაქის მერის მიერ დაანონსებული პარკირების ახალი მოდელი, რომელიც დედაქალაქის მერიამ სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში შეიმუშავა და 2019 წლიდან ამოქმედდება, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს შესაბამის კანონპროექტს.

ახალი მოდელი ითვალისწინებს ზონალურ პარკირებას, რაც პარკირების მიმართულებით დღეს არსებულ გამოწვევას ეფექტურად მოაწესრიგებს.

დედაქალაქის მერის ყველა ასეთ ინიციატივას ყოველთვის ექნება ჩვენი საპარლამენტო გუნდის მხარდაჭერა, რათა ჩვენი საზოგადოების ინტერესები სწრაფად იქნას დაკმაყოფილებული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, დაუშვებელია საპარკინგე ადგილების მიმდებარედ არსებული კომერციული სივრცეების მეპატრონეების მიერ ბლოკირებული იყოს მუნიციპალური პარკინგის ადგილები და მოქალაქეებს არ მიეცეთ ამ ადგილებით თავისუფლად სარგებლობის შესაძლებლობა.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ 2019 წლიდან დედაქალაქში პარკირების საათობრივი და ზონალური სისტემა ამოქმედდება.