ანრი ოხანაშვილი ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით გახარიას გუშინდელ განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს
ანრი ოხანაშვილი ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით გახარიას გუშინდელ განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ გიორგი გახარიას მხრიდან  ნეპოტიზმსა და კორუფციულ სქემებზე საუბარი უხერხულია და სიმართლეს არ შეესაბამება.

მისივე თქმით, მსგავსი ფაქტები თუ ხდებოდა და გახარიას ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, მაშინ რეაგირებაც შესაბამისი უნდა ყოფილიყო.

„უხერხულია, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი საუბრობს იმ გუნდთან მიმართებაში და ისეთ საკითხებზე, რომლებიც არაფერში არ ჯდება. ჯერ ერთი, ტყუილია ნეპოტიზმზე საუბარი, საუბარი კორუფციულ სქემებზე. თუ რამე კონკრეტული აქვს, უნდა დადოს ეს ფაქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება სულ მცირე უხერხულობა, თვითონ იყენებენ ხოლმე ამ სიტყვას ჭორაობას და ამას ემსგავსება მათი მხრიდან საუბარი ისეთ საკითხებზე, რომელ საკითხებზეც მათ ინფორმაციაც უნდა ჰქონოდათ. თუ ასეთი შემთხვევები მოხდა, რეაგირებაც უნდა ჰქონოდათ. მათი პასუხისმგებლობაა, თუ იცოდნენ და რეაგირებას არ ახდენდნენ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით გიორგი გახარიას გუშინდელ განცხადებას, ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ ყოფილი პრემიერის მხრიდან მსგავსი განცხადება სამარცხვინოა.

„სამარცხვინოა ასეთი ეპითეტებით მოხსენიება, რაც უნდა პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზანი გქონდეს. ვფიქრობ, ყოფილი პრემიერის მხრიდან მსგავსი განცხადება არის სამარცხვინო“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.