გიორგი გახარია ირაკლი კობახიძის განცხადებას „შეშინებული კაცის ბოდვას“ უწოდებს
გიორგი გახარია ირაკლი კობახიძის განცხადებას „შეშინებული კაცის ბოდვას“ უწოდებს

გუნდში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ პოზიცია, საერთოდ, ამის განხილვა სერიოზულად როგორ შეიძლებოდა, ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისში ვიღაც ერთი ხულიგანი პოლიტიკოსის დასაკავებლად სამი ათასი სპეცრაზმელის შეჭრა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ის, განცხადება, რომელიც ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით გააკეთა, „შეშინებული ადამიანის ბოდვაა“.

„ეს არის შეშინებული კაცის ბოდვა. პარტიის ხელმძღვანელობამ 13 თებერვალს მომმართა თხოვნით, რომ შევხვედროდი უმრავლესობას. როგორც ჩანს, ისინი ვერ არწმუნებდნენ უმრავლესობას ნიკა მელიაზე იმუნიტეტის მოხსნაში და მთხოვეს, ამ პროცესში მიმეღო მონაწილეობა. ამას დავთანხმდი რამდენიმე მიზეზის გამო, მაშინაც და დღესაც ვთვლი, რომ ადამიანი, რომელიც პარლამენტზე შტურმის ორგანიზატორი იყო, უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე. ჩემი პოზიცია იყო შემდეგი, ჩვენ თუ გვინდა, რომ სამართალი აღსრულდეს და ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვთვლით სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმის ორგანიზატორად სასამართლოს წინაშე წარსდგეს, მელია უნდა იყოს დაკავებული ისე, რომ არავის თავიდან თმა არ ჩამოუვარდეს. ეს იყო ჩემი პოზიცია თავიდანვე. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ პოზიცია, რომ საერთოდ, ამის განხილვა სერიოზულად როგორ შეიძლება. ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისში ვიღაც ერთი ხულიგანი პოლიტიკოსის დასაკავებლად სამი ათასი სპეცრაზმელის შეჭრა. ეს ხდება 16 თებერვალს. 17 თებერვალს ვხედავ, რომ ეს პოზიციები უკვე ჩამოყალიბებულია და რაღაც ზეგავლენები ხდება, უხილავი ხელები მოქმედებენ, ამიტომ მოვითხოვე ხუთსაათიანი შეხვედრის მოწვევა, სადაც იძულებული ვიყავი, დამეფიქსირებინა ისე პოზიცია, რომელიც დავაფიქსირე“, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ 17 თებერვალს, გიორგი გახარიას გადადგომამდე ერთი დღით ადრე, კიევიდან მიიღეს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმასთან დაკავშირებით ალტერნატიული მთავრობის ფორმირებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სარფიდან შემოსვლის შესახებ. როგორც კობახიძემ აღნიშნა, გიორგი გახარია, მათთვის სრულიად გაუგებარი მოტივით, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის ორი-სამი დღით გადადებას ითხოვდა, რის შემდეგაც, მმართველ გუნდს მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით ეჭვები გაუჩნდა და კიევიდან მიღებული ინფორმაცია არ გაანდეს.