ანრი ოხანაშვილი - გამორიცხულია რაიმე ტიპის რისკი, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები
ანრი ოხანაშვილი - გამორიცხულია რაიმე ტიპის რისკი, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები

გამორიცხულია რაიმე ტიპის რისკი, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა უმრავლესობიდან ექვსი დეპუტატის გასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება, პოლიტიკოსი პირადი ინტერესიდან გამომდინარე იღებდეს გადაწყვეტილებას, რომელ გუნდში იქნება.

„რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ გუნდს სრული უმრავლესობა ექნება ყველა იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, გამორიცხულია რაიმე ტიპის რისკი, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, რათა მიღებული იყოს ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. პოლიტიკაში საქმიანობა რამდენიმე ძირითად პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს, ეს არის: პოლიტიკური სიმტკიცე, გუნდის ერთგულება და სახელმწიფოებრივი მიდგომა საკითხებისადმი. აქ არ უნდა იყოს ადგილი პირადი ინტერესებისთვის და არ შეიძლება, სუბიექტური მიდგომით იღებდე გადაწყვეტილებას, რომელ გუნდში იქნები. აქედან გამომდინარე, არ ვიზიარებ ამ პოზიციას, რაც გაჟღერდა.

სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ ღირებულებები: სიმტკიცე, გუნდის ერთგულება, სახელმწიფოებრივი მიდგომა და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება. ზოგს შეუძლია ამ პრინციპების ერთგულება, ზოგმა შეიძლება ეს ვერ შეძლოს. ეს მათი არჩევანია. დაველოდოთ, ვინ რა პლატფორმას შექმნის, ამას მომავალი გვიჩვენებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ მუშაობას. „გიორგი გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, ექვსი დეპუტატი გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.