ანრი ოხანაშვილი - ეკა ბესელიას კომიტეტზე გამოუცხადებლობის არგუმენტი მიუღებელია, მას არ სურდა კანონპროექტის გამოტანა
ანრი ოხანაშვილი - ეკა ბესელიას კომიტეტზე გამოუცხადებლობის არგუმენტი მიუღებელია, მას არ სურდა კანონპროექტის გამოტანა

დეპუტატ ეკა ბესელიას არგუმენტი, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა არასამუშაო დღეს ტარდებოდა და ამის გამო არ გამოცხადდა, ყოვლად მიუღებელია, – ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, სხვადასხვა, მათ შორის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომები უქმე დღეებზე არაერთხელ გამართულა.

„ეკა ბესელია არ გამოცხადდა შაბათს საკომიტეტო განხილვაზე. არგუმენტი, რომ ტარდებოდა არასამუშაო დღეს, არის ყოვლად მიუღებელი მარტივი მიზეზის გამო, სწორედ მისი თავმჯდომარეობის პერიოდში არაერთი სხდომა აქვს ჩატარებული იურიდიულ საკითხთა და სხვა კომიტეტებს, როგორც შაბათ დღეს, ასევე კვირას, შესაბამისად, ეს არ არის არგუმენტი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ამასთან, დეპუტატის თქმით, ბესელიას კომიტეტისთვის დღევანდელ სხდომაზე მისი კანონპროექტის დღის წესრიგში შეტანის შესახებ არ მიუმართავს.

„დღეს სამუშაო დღეს ტარდება კომიტეტის სხდომა. ეკა ბესელიას ჰქონდა საშუალება, მოემართა კომიტეტისთვის წინასწარ და შეგვეტანა დღის წესრიგში. ასეთი მომართვა არ არსებობს, შესაბამისად, მიზეზი შიშვლდება მარტივად, მას არ სურდა კანონპროექტის გამოტანა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

16 მარტს, შაბათს გამართულ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტებს განიხილავდნენ, ეკა ბესელია არ დაესწრო. დღის წესრიგის თანახმად, ეკა ბესელიასა და რამდენიმე დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტიც უნდა განეხილათ.

ამასთან, ეკა ბესელიამ დღეს განაცხადა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანონპროექტის განხილვას უმრავლესობა იმიტომ ჩქარობს, რომ მისი და მისი თანამოაზრეების პროექტის ჩაგდება სურთ. „არასდროს შაბათს სხდომა არ ჩატარებულა, თუმცა აქ არის მეორე ძალიან მზაკვრული გეგმა, რისი მონაწილეც არ ვიქნებოდი“, – განაცხადა ბესელიამ.

დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავს.