ანრი ოხანაშვილი – ჩვენი ინტერესია, რომ სასამართლო სისტემა იყოს უფრო უკეთესი
ჩვენი ინტერესია, რომ სასამართლო სისტემა იყოს უფრო უკეთესი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის ცხრა დეპუტატის ინიციატივაზე კონეტარისას განაცხადა, რომელიც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას გულისხმობს.
ოხანაშვილის თქმით, ნებისმიერ ინიციატივას პროცედურული გავლა სჭირდება.
„საპარლამენტო უმრავლესობას და საზოგადოებას გვაქვს ერთიანი ინტერესი. ეს ინტერესი მდგომარეობს კიდევ უფრო უკეთეს, გაუმჯობესებულ სასამართლო სისტემაში.
ამ მიმართულებით ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები. რეფორმები გრძელდება და ამ რეფორმებით ჩვენ უნდა წავიდეთ წინ, რომ უფრო უკეთესი სასამართლო სისტემა მივიღოთ. ამ საკითხთან დაკავშირებული ნებისმიერი ინიციატივა გუნდში დეტალურად იქნება განხილული.
ნებისმიერ ინიციატივას სჭირდება შესაბამისი პროცედურული გავლა. ჩვენ გავივლით სამართლებრივად და პროცედურულად ამ საკითხებს“,- განაცხადა ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, თუკი მათი გუნდი მივა იმ აზრამდე, რომ კონკრეტული ინიციატივა ემსახურება სასამართლო სისტემის ეფექტიანობის გაზრდას, მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას მოემსახურება.
„თუკი ჩვენი გუნდი მივა იმ აზრამდე და შევჯერდებით, რომ კონკრეტული ინიციატივა ემსახურება სასამართლო სისტემის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, სისტემის ეფექტიანობის უფრო გაზრდას, უკეთეს შედეგებს სასამართლოსთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე შევჯერდებით და მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ეს ემსახურებოდეს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას. ეს საკითხი გუნდშიც დაისვა, ვიმსჯელეთ. გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ სამართლებრივი მოცემულობით, რაც გაგვაჩნია. თუკი ჩვენი აზრების გაცვლით, სამართლებრივი არგუმენტაციით გუნდი მივა ამ დასკვნამდე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი პირის ინიციატივა, ვინც არ უნდა იყოს, იქნება მხარდაჭერილი“,- განაცხადა ოხანაშვილმა.
ცხრა დეპუტატმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტი დღეს დარეგისტრირდა და მას ხელს აწერენ დაპუტეტები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.