ანრი ოხანაშვილი - ბურჯანაძის გარდა, მოლაპარაკების მაგიდასთან ბევრი სხვა პოლიტიკური სუბიექტი ზის, რომელსაც შეიძლება, უფრო მჭიდრო ინტერესები აკავშირებდეს ოკუპანტ ქვეყანასთან
ანრი ოხანაშვილი - ბურჯანაძის გარდა, მოლაპარაკების მაგიდასთან ბევრი სხვა პოლიტიკური სუბიექტი ზის, რომელსაც შეიძლება, უფრო მჭიდრო ინტერესები აკავშირებდეს ოკუპანტ ქვეყანასთან

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსეთთან მიმართ პოზიციას, განწყობას და დამოკიდებულებას არ მალავდა და არც მალავს.

მისი თქმით, ბურჯანაძის გარდა, მოლაპარაკების მაგიდასთან ბევრი სხვა პოლიტიკური სუბიექტი ზის, რომელთაც შეიძლება, კიდევ უფრო მჭიდრო ინტერესები აკავშირებდეთ ოკუპანტ ქვეყანასთან.

„ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილია, რომ არ არის ახალი ეს პოზიცია, განწყობა, დამოკიდებულებები. ამ განწყობებს არც მალავდა ბურჯანაძე და ფაქტია, რომ არც ახლა მალავს. ეს მათ უნდა გადაწყვიტონ, ვისთან ერთადაც მოიაზრებიან ისინი. უნდა გადაწყვიტონ, აქვთ თუ არა საერთო ღირებულებები.

„ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელიც დამოუკიდებლად მართავს ქვეყანას და რომლის მთავარი ამოცანაც არის უკეთესი ხვალინდელი დღე. იქით მხარეს რა ღირებულებები აერთიანებთ, ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ, არიან ისინი საერთო ამ ღირებულებებში, თუ არა. ბევრი სხვა პოლიტიკური სუბიექტი ზის იმ მაგიდასთან ბურჯანაძის გარდა, რომელთაც შეიძლება, კიდევ უფრო მჭიდრო ინტერესები აკავშირებდეთ ოკუპანტ ქვეყანასთან. როდესც პროდასავლურობაზე საუბრობენ, შეეკითხეთ მათ გაკეთებულ განცხადებებზე და მათ კავშირებზე ოკუპანტ ქვეყანასთან. ეს არ არის ჩვენთვის სიახლე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება რუსეთში მხოლოდ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეუძლია.