ნინო ბურჯანაძე - რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება რუსეთში მხოლოდ ვლადიმერ პუტინს შეუძლია
ნინო ბურჯანაძე - რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება რუსეთში მხოლოდ ვლადიმერ პუტინს შეუძლია

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება რუსეთში მხოლოდ პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეუძლია, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ რადიოსადგურ „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ რაც არ უნდა რთული იყოს ეს, რუსეთთან საუბარი აუცილებელია.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს რუსეთთან, მაგრამ მე ვიცი, რომ რუსეთში ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია, დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენა მოახდინოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ნამდვილად არის ვლადიმერ პუტინი. თუ საქართველოში მოსახლეობას სურს, ნამდვილად შეცვალოს რუსულ-ქართული პოლიტიკა, მაშინ უნდა ისაუბრონ იმ ადამიანთან, ვისაც ნამდვილად შეუძლია, გავლენა მოახდინოს ამ პოლიტიკაზე“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

ამავე ინტერვიუში, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას ნინო ბურჯანაძემ დიდი შეცდომა უწოდა.

„ეს ნამდვილად ძალიან რთული მომენტია ჩვენთვის. ვიდრე ეს საკითხი დარჩება საქართველოსა და რუსეთს შორის, ჩვენ ყოველთვის გვექნება სირთულეები“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.