ანრი ოხანაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“
ანრი ოხანაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“

ოპონენტები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მათთვის სასურველ ადგილებს კითხულობენ, მაგრამ მათ ვურჩევდი, ის ადგილები წაიკითხონ, სადაც საუბარია მედია პლურალიზმზე, კანონის უზენაესობის დაცვაზე, იმ პროგრამებსა და პროექტებზე, რასაც ამერიკის მტკიცე მხარდაჭერით ვახორციელებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია.

მისი თქმით, ხელისუფლება მსგავს დასკვნებს აანალიზებს და მუშაობს იმაზე, რომ კანონმდებლობა სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.

„ეს არ არის შეფასებითი დოკუმენტი, ეს არის თავმოყრა იმ შეფასებების, რომელიც არის ეუთო-ს დასკვნაში, ასევე სახალხო დამცველის რეკომენდაციებში ასახული. ჩვენთვის დეპარტამენტის ნებისმიერი შეფასება ღირებულია და მას დიდ ყურადღებას ვუთმობთ. არის გამოწვევები და მის გადაჭრაზე ვმუშაობთ”, – აცხადებს დეპუტატი.

ოხანაშვლის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშში ასახულია საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ის დანაშაულებრივი ქმედებები და კანონდარღვევები, რომელიც არჩილ ტატუნაშვილთან მიმართებაში მოხდა და საუბარია „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერმა დეპარტამენტის ანგარიშებში ასახვა ჰპოვა. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ასეთი ანგარიშების გაანალიზება. ასეთი ანგარიშის დროს, შესაბამის მიმართულებებს ამერიკის მტკიცე მხარდაჭერით ვაუმჯობესებთ“, – დასძინა ოხანაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაა შეფასებული, მათ შორის საქართველო. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე. დოკუმენტში მოხვდა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ მოქალაქეების დაკავებები და მკვლელობის ფაქტები, მათ შორის ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმეები.