აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - დე ფაქტო ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებს არ აძლევს „სამხრეთ ოსეთში" ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად შესვლის უფლებას
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - დე ფაქტო ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებს არ აძლევს „სამხრეთ ოსეთში" ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად შესვლის უფლებას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაა შეფასებული, მათ შორის საქართველო.

სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე. დოკუმენტში მოხვდა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ მოქალაქეების დაკავებები და მკვლელობის ფაქტები, მათ შორის ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმეები.

„რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის” რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებები კვლავ რჩება ცენტრალური მთავრობის კონტროლს გარეთ და მათ მხარს უჭერს რამდენიმე ათასი რუსი სამხედრო და მესაზღვრე, რომლებსაც ოკუპირებული აქვთ ეს ტერიტორიები. რუს მესაზღვრეები ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებას უზღუდავენ. შეზღუდული წვდომის გამო „სამხრეთ ოსეთში” ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან და ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით მცირე რაოდენობის ოფიციალური ინფორმაციაა, თუმცა დარღვევების შესახებ ცნობები ვრცელდებოდა. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო ხელისუფლებებმა განსაკუთრებით ეთნიკურ ქართველებს შეუზღუდეს ხმის მიცემის ან პოლიტიკურ პროცესში სხვა გზით მონაწილეობის, საკუთრების, ბიზნესის რეგისტრირების, მოგზაურობის უფლებები. „სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო ხელისუფლებამ 2008 წლის კონფლიქტის გამო იძულებით გადაადგილებული ეთნიკური ქართველების უმრავლესობას აუკრძალა „სამხრეთ ოსეთში” დაბრუნება, თუმცა ახალგორის მცხოვრებთათვის არსებობს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის სპეციალური შეთანხმება. დე ფაქტო ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების უმრავლესობას არ აძლევს „სამხრეთ ოსეთში” ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად რეგულარულად შესვლის უფლებას. რუსეთის მიერ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის „ბორდერიზაცია”გრძელდებოდა, რაც ადგილობრივ მცხოვრებლებს მათი თემებისგან და საარსებო წყაროებისგან აცალკევებდა“,- ნათქვამია ანგარიშში.