ანრი ოხანაშვილი - არ გამოვრიცხავ, ეკა ბესელიას საკითხი დადგეს ეთიკის საბჭოში
ანრი ოხანაშვილი - არ გამოვრიცხავ, ეკა ბესელიას საკითხი დადგეს ეთიკის საბჭოში

არ გამოვრიცხავ, ზოგადად ეკა ბესელიას, მისი უხამსი და სრულიად არაადეკვატური განცხადებების საკითხი დადგეს ეთიკის საბჭოში, ვინაიდან ეს ადამიანი ბოლო დროს გამოირჩეოდა ძალიან შეურაცხმყოფელი ეპითეტებით და ცუდი რიტორიკით, ძალიან ბინძური რიტორიკით, რომელიც არც პოლიტიკაში ჯდება, არც მორალურ პრინციპებში ჯდება და ყოველგვარ ზღვარს ცდება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილის დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუკი ეთიკის საბჭოში ვინმეს საკითხი უნდა დადგეს, ეს არის დეპუტატი ეკა ბესელია.

„თუკი ვინმეს საკითხი უნდა დადგეს ეთიკის საბჭოში, ეს არის სწორედ ეს ადამიანი და მან უნდა გასცეს პასუხი ეთიკის საბჭოს წინაშე მის მიერ წარმოთქმულ აბსოლუტურად გაუაზრებელ და უტიფარ გამონათქვამებს. ზარდიაშვილთან მიმართებაში მას აბსოლუტურად არაფერი არ აქვს სათქმელი. არც მორალური უპირატესობა გააჩნია ზარდიაშვილთან მიმართებაში და არანაირი უპირატესობა ბატონ ზარდიაშვილთან მიმართებაში არ გააჩნია.

ქუჩაში, რომ გაიაროთ და იკითხოთ, ვინ არის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ადამიანი, დაგისახელებენ ამ ქალბატონის სახელსა და გვარს. საყოველთაოდ აღიარებული საზოგადოებრივი დამოკიდებულებაა. შეურაცხმყოფელია, რომ მასთან მიმართებაში დაისვა კონკრეტული კითხვები და არამარტო მასთან მიმართებაში, ზოგიერთ სხვა ჩვენს ყოფილ კოლეგასთან მიმართებაშიც ისეთი საკითხებია, რომელიც უკავშირდებოდა პირად ინტერესებს და პირად სარგებელს. ახლა ეს ადამიანები თავს ნუ იკატუნებენ, ან ბოდიში მოიხადონ იმ ადამიანების წინაშე, ვისკენაც ხელს იშვერდნენ აქამდე, რომ თურმე ვიღაცას შეიძლება უკავშირდებოდეს მათი კადრები. შესაბამისად, ელემენტარულ, რაღაცა ზღვარში ჩასხდნენ, გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების კონტექსტში.

ვფიქრობ, ეთიკის საბჭომ მისი საკითხი უნდა განიხილოს მის გამონათქვამებთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მისი საკითხი უნდა დადგეს ეთიკის საბჭოს უახლოეს სხდომაზე, როგორც კი შეიკრიბებიან. გადაახვიეთ მისი გამონათქვამები, ვის როგორ მიმართავს და ჯერ მისი საკითხი უნდ გახდეს მსჯელობის საგანი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, არსებობს სტანდარტი, რომლითაც მსჯელობს ეთიკის საბჭო, რომელსაც ის მიმართავს ვანო ზარდიაშვილის განცხადებების გამო.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია კორუმპირებულია. ამის შესახებ განცხადება მან დღეს გააკეთა.

„ჩემი შეფასებით, ეკა ბესელია ძალიან ახლოს არის კორუფციასთან და კორუფციის რისკის მატარებელია. მან ქვეცნობიერად თავისი პარტიის ფერად აირჩია დოლარის ფერი, დოლარები იმდენად უყვარს. ვინც მის პარტიაში გაწევრიანდება, ან დოლარებისთვის მიდის, ან დოლარების მისაღებად. ჩემი შეფასებით, ეკა ბესელია კორუმპირებულია“, – აცხადებს ზარდიაშვილი.