ანრი ოხანაშილი - რაღაც გაბუტობანას გვეთამაშება პრეზიდენტი
ანრი ოხანაშილი - რაღაც გაბუტობანას გვეთამაშება პრეზიდენტი

რაღაც გაბუტობანას გვეთამაშება პრეზიდენტი, საუბრობს იმაზე, რომ მსურს დებატიო და გარბის დარბაზიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ პარლამენტის სხდომათა დარბაზის დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის ქცევა, პარლამენტის ინსტიტუტისადმი უპატივცემულობა და კანონმდებლობის ფეხქვეშ გათელვაა.

„მე არ მესმის ლოგიკა, გსურდეს დებატი და გარბოდე დარბაზიდან. ეს არის ინსტიტუტისადმი უპატივცემულობა, ეს არის ამ პარლამენტისადმი უპატივცემულობა, ეს არის კანონმდებლობის ფეხქვეშ გათელვა, მაგრამ არ მიკვირს, სადაც იმდენი შეწყალება ხდება ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე, რომელ კანონმდებლობის დაცვაზეა საუბარი. პრეზიდენტმა კარგად იცოდა, როდის იყო დებატები. თუ მას სურდა დებატებში შემოსვლა, შეეძლო წინასწარ შეეთანხმებინა და შემოეთავაზებინა ეს, თუ მან შემდგომ გადაწყვიტა, რაც მოისმინა პოზიციები, ამის შემდგომ შეეძლო, წინასწარ კონსტრუქციულად ესაუბრა ჩვენთან და კიდევ ერთხელ არ გაქცეულიყო. მან 15 წუთიანი დრო გამოიყენა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სასაუბროდ და ახლა გადაწყვიტა დებატები, ეს არის დესტრუქცია, არასწორი ნაბიჯი. ვფიქრობ, რომ უნდა დავიცვათ კანონმდებლობა, ჩვენი ინსტიტუტის პრესტიჟი და ღირსება”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა. ამას წინ უძღოდა კამათი საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის.

გიორგი მარგველაშვილი ითხოვდა, რომ დეპუტატების სიტყვით გამოსვლისას მასაც მისცემოდა პასუხის გაცემის საშუალება, ირაკლი კობახიძემ კი, მას განუმარტა, რომ რეგლამენტის მიხედვით ყველა კითხვაზე პასუხის შესაძლებლობა საბოლოო სიტყვით გამოსვლისას მიეცემოდა.