„ანორთოსისის“ ფეხბურთელი – ქეცბაიას მადლობა გადავუხადე, რადგან გუნდში მომიყვანა #1TVSPORT
„ანორთოსისის“ ახალმა ლიდერმა, ნახევარმცველმა ლაზაროს ქრისტოდულოპულოსმა Cablenet-ის შოუში გუნდში გადასვლისას თემურ ქეცბაიას როლზე ილაპარაკა და ჩემპიონ „ომონიასთან“ მოგებაზე მისი რეაქციის შესახებ კომენტარი გააკეთა.
„მე კარგად ვიცი, რისი თქმა სურდა მწვრთნელს „ომონიასთან“ მატჩის შემდეგ, როდესაც თქვა, რომ ახლა ჩვენ გუნდი გავხდებით. მან იგულისხმა ის, რომ გუნდი დროთა განმავლობაში გაიზრდება და უკეთესები ვიქნებით. ამის ნიშნები უკვე ჩანს. პირველი მიზანი მიღწეულია. აუცილებელია სატურნირო ცხრილში დაწინაურება. მიზანი ჩემპიონობა და თასის მოპოვებაა. მაგრამ საამისოდ ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს. მწვრთნელი რასაც ამბობს, ეს მართალია”, – განაცხადა „ანორთოსისის“ ლიდერმა.

ლაზაროს ქრისტოდულოპულოსი „ომონიასთან“ გამარჯვების აღნიშვნისას თემურ ქეცბაიასთან მივარდა, რაც ასე ახსნა.
„ეს იმისთვის გავაკეთე, რომ მადლობა გადამეხადა, რადგან გუნდში მომიყვანა და ევროტურნირზე თამაშის შესაძლებლობა მომცა. „ანორთოსისში“ მისი როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ქეცბაიამ ამ გუნდის ისტორია დაწერა. როდესაც „ანორთოსისისგან“ წინადადება მივიღეთ, მითხრა, რომ მიზანი ჩემპიონობა იყო. პლუს ქეცბაიას ფაქტორმა იმოქმედა. მივხვდი, რა ძლიერად უნდოდა, რომ მასთან გადავსულიყავით. მითხრა, რომ ევროტურნირზე გასვლის მოტივაცია ჰქონდა და მაშინ მიმიყვანა, როდესაც ძალიან მოტივირებული ვიყავი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩემთვის ძალიან კარგი არჩევანია“.