ანჯეი დუდა - „ვაგნერის“ ბელარუსში გადაადგილება ძალიან უარყოფითი სიგნალია პოლონეთისთვის
ანჯეი დუდა - „ვაგნერის“ ბელარუსში გადაადგილება ძალიან უარყოფითი სიგნალია პოლონეთისთვის

„ვაგნერის“ ბელარუსში გადაადგილება ძალიან უარყოფითი სიგნალია პოლონეთისთვის, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

„ბელარუსში „ვაგნერის“ ჯგუფის ჯარისკაცების გადასვლა, მის ლიდერ ევგენი პრიგოჟინთან ერთად, ძალიან უარყოფითი სიგნალია ჩვენთვის. გვინდა, ეს გასაგები იყოს ჩვენი მოკავშირეებისთვის“, – განაცხადა დუდამ.

დუდამ აღნიშნა, რომ ჰააგაში კონსულტაციებს გამართავს ნატო-ს მოახლოებულ სამიტთან დაკავშირებით, სადაც განიხილება აღმოსავლეთ ფლანგის, კერძოდ, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოების გაძლიერების საკითხები.

ამასთან, მანამდე ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ თუ პრიგოჟინი და „ვაგნერის“ ჯარისკაცები ბელარუსში აღმოჩნდებიან, ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვრის გაძლიერება დასჭირდება.

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში იმყოფება.