ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს მისალოცი ტელეგრამა გაუგზავნა
ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს მისალოცი ტელეგრამა გაუგზავნა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მერკელის მიერ გაგზავნილ მისალოც ტელეგრამაში ნათქვამია, რომ ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის დიალოგია გაგრძელება და ურთიერთობების განვითარება. მანამდე გერმანიის კანცლერის პრესმდივანმა შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა, რომ ბერლინსა და მოსკოვს შორი სხვადასხვა საკითხზე უთანხმოება არსებობს, მათ შორის რუსეთის პოლიტიკა, უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტი და სირიის კრიზისი.

„ამის მიუხედავად, რუსეთთან კონტაქტების გაგრძელება ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა მერკელის წარმომადგენელმა.

19 მარტს, დღის ბოლოს ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიულოცეს.

მანამდე, კრემლში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დარეკა, თუმცა როგორც ფრანგული მედია იტყობინება, მაკრონს პუტინისთვის გამარჯვება არ მიულოცია, არამედ მას ქვეყნის მოდერნიზებაში წარმატება უსურვა. ამას გარდა, მაკრონმა შეშფოთება გამოთქვა სირიაში მიმდინარე მოვლენების გამო და რუსეთის პრეზიდენტს სოლსბერიში ყოფილ რუს აგენტზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციის წარდგენისკენ მოუწოდა.

თუმცა, როგორც კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვი აცხადებს, ემაუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

პირველებმა კრემლში მისალოცი გზავნილები გაგზავნეს ჩინეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვის, უნგრეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთის, ვენესუელისა და კუბის ლიდერებმა, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეჟიმებმა.

ევროკავშირმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც საარჩევნო პროცესის დროს დაშვებული დარღვევების გამო შეშფოთება გამოთქვა და ანექსირებულ ყირიმში არჩევნების ჩატარება დაგმო.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტად მეოთხე ვადით აირჩიეს.