ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა ფრანკო-გერმანული თანამშრომლობის ახალი შეთანხმება გააფორმეს
გერმანიის ქალაქ აახენში ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა ფრანკო-გერმანული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ახალი შეთანხმება გააფორმეს. ახალი შეთანხმება 1963 წლის ელისეს ხელშეკრულებას დაეფუძნება, რომელმაც საფრანგეთისა და გერმანიის ისტორიულ შერიგებაში დიდი წვლილი შეიტანა.
დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ აახენის ხელშეკრულება გერმანულ-ფრანგული თანამშრომლობის საფუძველია და ბერლინი და პარიზი ვალდებული არიან, ერთმანეთს ნებისმიერი სახის, მათ შორის სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ორი ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებას, რაც საერთო წესებით, გრმანულ-ფრანგული ეკონომიკური ზონის შექმნას გულისხმობს. შეთანხმების მიხედვით, საფრანგეთი და გერმანია თანხმდებიან, ერთიანი პოზიცია შეიმუშაონ და ერთობლივი განცხადებები გაავრცელონ ევროკავშირის მნიშვნელოვან საკითხებზე.
ორი ქვეყანა ასევე ერთობლივად იმოქმედებს გაერო-ში.
შეთანხმება მოიცავს ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, განათლებას, კულტურას, ტექნოლოგიებს, კლიმატს და სასაზღვრო ზონაში თანამშრომლობის გაძლიერებას.