ანგელა მერკელისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრაზე განსახილველი საკითხების შესახებ გერმანიის მთავრობა ინფორმაციას ავრცელებს
გერმანიის მთავრობა კანცლერ ანგელა მერკელისა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც გერმანიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგშია აღნიშნული, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი საინაუგურაციო ვიზიტის ფარგლებში, კანცლერის ოფისს 20 თებერვალს ეწვევა.
სალომე ზურაბიშვილისა და ანგელა მერკელის შეხვედრისას განსახილველი თემები იქნება გერმანია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები, სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარება, ასევე ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები.
„20 თებერვლის დღის მეორე ნახევარში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საინაუგურაციო ვიზიტის ფარგლებში ფედერალურ კანცელარიას ეწვევა. კანცლერი მას მოლაპარაკებებზე მიიღებს. განსახილველი თემები იქნება ორმხრივი ურთიერთობები, სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში, ურთიერთობები ევროკავშირსა და საქართველოს შორის“, – ნათქვამია გერმანიის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში 20-21 თებერვალს შედგება.
ამასთან, გერმანიაში ვიზიტამდე, 17-19 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა, სადაც შეხვედრას გამართავს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.