სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ემანუელ მაკრონს შეხვდება
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ემანუელ მაკრონს შეხვდება

17-19 თებერვალს დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში.

როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს.

დაგეგმილია შეხვედრები იუნესკო-ს გენერალურ მდივანთან, სენატის პრეზიდენტთან. იგეგმება სხვა არაერთი შეხვედრა, ასევე ინტერვიუები „ლე მონდთან“, „ფრანს 24“-თან, სხვა მედიასაშუალებებთან.

გარდა ამისა, პრეზიდენტი შეხვდება ქართველ სტუდენტებს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

20-21 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრება.