ანგელა მერკელი - გერმანიას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ თავის ტერიტორიაზე ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის საქმიანობა აკრძალოს
გერმანიას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ თავის ტერიტორიაზე გიულენის ორგანიზაციის საქმიანობა აკრძალოს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ანგელა მერკელის თქმით, გერმანიაში აკრძალულია „ქურთისტანის მუშათა პარტია“ და მისი საქმიანობა, თუმცა საჭიროა დამატებითი ინფორმაცია, რომ გიულენის ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მსგავსად აიკრძალოს.
მერკელის განცხადებით, აკრძალვის წინაპირობები ჯერჯერობით არ არსებობს.
გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა სირიაში არსებულ ვითარებაზეც და აღნიშნა, რომ იდლიბის პროვინციაში არსებული ვითარება ჯერ კიდევ მყიფეა.
ანგელა მერკელმა იმედი გამოთქვა, რომ სირიის საკითხზე გერმანიის, საფრანგეთის, თურქეთისა და რუსეთის ლიდერების სამიტი ოქტომბერში გაიმართება. თურქეთთან ურთიერთობებზე საუბრისას, მერკელმა თქვა, რომ გერმანიის სურვილია, სტაბილური თურქეთი იხილოს, რომლის ეკონომიკა მუდმივად ზრდადი იქნება.